“რატომ არის შეჩერებული შესანიშნავი კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ და მადლობა მინდა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს ამ კანონისთვის. მეც ვერ მოვძებნიდი უკეთეს გამოსავალს ისე, რომ ერთის მხრივ არ შეგველახა სასამართლოების დამოუკიდებლობა და იმავდროულად გაგვეთავისუფლებინა სასამართლოები იმ პოლიტიკური ზეწოლისგან, რაც მათ ბაჩო ახალაიების ჯიბის მოსამართლეებად აქცევს. ეს შესანიშნავი კანონი ეხება იუსტიციის საბჭოს, რომ იქ ბაჩო ახალაიას კოლეგა კუბლაშვილმა კი არ დანიშნოს ვინც უნდა, არამედ თვითონ იმ მოსამართლეებმა, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს არჩეულებმა.
არ მესმის მოტივი ამ კანონპროექტის შეჩერების, ძალიან დიდ პატივს ვცემ ვენეციის კომისიას, მაგრამ ის არის საკონსულტაციო ორგანო და ჩვენ შეგვიძლია და მოვალენიც ვართ, აღვასრულოთ ქართველი ხალხის ნება, რომელიც გვეუბნება ძალიან მარტივ რამეს, თუ არ იქნება მართლმსაჯულება, არ იქნება მშვიდობა. თუნდაც დაიქცეს მთელი სამყარო, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს. მოვითხოვ კატეგორიულად გაგრძელდეს ამ რეფორმაზე მუშაობა და დაუყოვნებლივ შევიდეს დღის წესრიგში ამ კანონის განხილვა.”_ განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას გადახედოს კანონს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, რადგან მისი მოსაზრებით, ბაჩო ახალაიების მსგავს ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკებს არ მიეცეთ საშუალება თავად გადაწყვიტონ “თავისმა თანამზრახველმა მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ ისინი, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა.”