ოზურგეთის სამხატვრო სკოლის კუსდამთავრებული, შორენა ჟღენტი, ერთ-ერთი გამორჩეული ბავშვია თავისი ნიჭით. იგი სკოლაში ყველა საგანს ერთნაირად სწავლობს. სისტემატურად მონაწილეობს სასკოლო ოლიმპიადებში. თუმცა, ხელოვნებისადმი სიყვარული მისთვის უპირველესია.
_ შორენა, როგორც ვიცით, ყველა საგანში ძლიერი ხარ, განსაკუთრებით კი მათემატიკა გიყვარს, სახვითმა ხელოვნებამ როგორ იმძლავრა შენში?
_ შეიძლება ითქვას, ყველა საგანი ძალიან მიყვარს და მათ შორის, განსაკუთრებით მათემატიკა, მაგრამ ხატვამ უფრო გადამძლია და მინდა ჩემი ცხოვრება საბოლოოდ ამ სფეროს დავუკავშირო.
_ რამდენი წლის იყავი ხატვა რომ დაიწყე?
_ ძალიან პატარა ვიყავი, სანამ ლაპარაკს დავიწყებდი, მე უკვე ვხატავდი. მერე სამხატვრო სკოლაში შევედი, სადაც ძალიან კარგი პედაგოგები მასწავლიდნენ. მათ შორისაა ბატონი ავთო თავართქილაძე, ვისთანაც ახლა კონსულტაციებზე დავდივარ. ყოველ დღე მნიშვნელოვან დროს ვუთმობ ხატვას. მშვენიერების ეს სამყარო ჩემთვის ძალიან მიმზიდველია. მინდა რომ სერიოზულ წარმატებას მივაღწიო.
საუბარში მხატვარი ავთო თავართქილაძე ჩაგვერთო.
_ შორენა ერთ-ერთი უნიჭიერესი ბავშვია ოზურგეთში, რომელმაც პრინციპულად გადაწყვიტა ჩააბაროს სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. მოგეხსენებათ, ამ დარგს ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ბელგიელ და ჰოლანდიელ ბავშვებთან გვაქვს შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა (ქალბატონ სანდრა რულოვსის პროექტის გათვალისწინებით) ბელგიის სამხატვრო სკოლის დირექტორმა დუკოდე კრუიფმა გამოგვიგზავნა თავისი მოსწავლეების ნახატები. თავის დროზე, ჩვენ მათ გავუგზავნეთ სვანეთის ამსახველი სურათები. ბავშვები აღფრთოვანდნენ სვანეთის კოშკის ხილვით. ძალიან დიდი სურვილი აქვთ ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ საქართველოს სხვადასხვა კუთხე.
_ როდის იგეგმება უცხოელი ბავშვების ჩამოსვლა?
_ სავარაუდოდ, ეს ალბათ, ზაფხულში მოხდება. ჩვენ ახლა გამოგვიგზავნეს მეგობრობის თემაზე შესრულებული ნახატები და ასევე საჩუქრად ფუნჯები, საღებავები, ბისერები და სხვა მასალები. შორენა ჟღენტი ახლა სწორედ ბელგიაში გასაგზავნ ნახატზე მუშაობს.
_ რა თემაზეა ბელგიაში გასაგზავნი ნახატები?
_ ერთი არის თავისუფალი თემა, ხოლო მეორე იქნება ეთნოგრაფიულ თემაზე შესრულებული ნამუშევარი. უნდა ითქვას, რომ ოზურგეთში ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსწავლეები მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევენ თავიანთი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. ისინი სტუდენტობის პერიოდში კიდევ მეტად გაიხსნებიან და უფრო სრულყოფილად მოახდენენ საკუთარი ნიჭის თვით რეალიაზაციას. რაც შეეხება შორენას, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს მისი. მჯერა, წარმატებით ჩააბარებს სამხატვრო აკადემიაში და მშობლიურ კუთხეს აუცილებლად ასახელებს.