იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებობს. მისი განცხადებით, ამ სფეროში უამრავი პრობლემაა დაგროვილი, რომელიც ცვლილებებს და რეფორმებს საჭიროებს.
“ახალმა ხელისუფლებამ გარკვეული ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო, როგორიცაა მედია საშუალებების მიერ სასამართლო სხდომების გაშუქება და იუსტიციის საბჭოს საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის სრული დეპოლიტიზირება ბოლომდე იქნეს მიყვანილი და ამ პრობლემის მოგვარებისთვის ჩვენ რამდენიმე მიდგომა გვაქვს შემუშავებული”, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე განცხადებით, რეფორმების ინიციატორებისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტების მოსაზრებების და საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა, რის საშუალებასაც დღევანდელი შეხვედრა იძლევა.
“ჩვენ გაგაცნობთ ჩვენ გეგმებს, თუ რას და როგორ ვაპირებთ, ასევე მოვისმენთ თქვენ წინადადება – რეკომენდაციებს, რომლის შემდეგაც ჩვენი მიდგომების კორექტირებას მოვახდენთ”, – დასძინა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიიღო. მან კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის ორგანიზებისთვის და მართლმსაჯულების სფეროში შექმნილ საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრა.
“მართლმსაჯულების, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის პრობლემა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებზე მხარი სხვა პოლიტიკურ ძალას დაუჭირა. აუცილებელია სისტემის რეფორმირება, თუმცა ღონისძიებების ჩატარებამ გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულებას ხელი არ უნდა შეუშალოს. მრგვალი მაგიდის ამოცანაა მოვისმინოთ ერთმანეთის მოსაზრებები და ერთად ვიმსჯელოთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დღეს არსებული ვითარება შეიცვალოს. სამართალდამცავ ორგანოებში უამრავი საჩივარია შემოსული და მათი უმეტესობა საჯარო მოხელეების მიმართ არის გამოთქმული. იმისათვის, რომ ყველა განცხადებას და საჩივარს სათანადო რეაგირება მოყვეს აუცილებელია ახალი მექანიზმების და კონკრეტული მოდელების შემუშავება.”, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იმ წარმომადგენლობით დელეგაციას, რომლებიც დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მონაწილეობა მიიღეს ღონისძიების მუშაობაში. მათ შორის, ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს იურიდიულ, საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგს, ღია საზოგადოების ფონდების საპატიო პრეზიდენტს და Human Rights Watch-ის დამფუძნებელს, არიე ნეიერს და ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორს, ჰოვარდ ფენტონს. გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებულ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მართლმსაჯულების ექსპერტ-სპეციალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.