მიუხედავად იმისა, რომ ყველა დანაშაულის გახსნის პირობა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მოსახსნელად განწირულმა სამხარეო სამმართველოს იმდროინდელმა უფროსმა დავით ცირეკიძემ პირადად მისცა.
სწორედ ამ პირობის მიცემის შემდეგ დაიწყო ჩოხატაურში დაკავებების სერია და გაიხსნა რამდენიმე ყაჩაღობა.
ე. წ. “ყაჩაღები” სამართლადმაცველებმა ერთი და იგივე სცენარით დააკავეს _ ყველა მათგანის თავდაპირველი ბრალდება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება გახლდათ.
2012 წლის 7 იანვარს, ქუთაისში, ნათესავთან დააკავეს ჩოხატაურელი პავლე კუკულავა. იმავე დღეს, კუკულავას საცხოვრებელ სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ ჩხრეკა ჩაატარა. იმ დროს ოჯახის წევრებისთვის არავის უთქვამს, რომ პავლე დაკავებული იყო.
_ 7 იანვრის გამთენიისას, პოლიციელები ოჯახში შემოგვივარდნენ და მძინარენი ლოგინიდან წამოგვყარეს. როცა ავდექი, პირველი, რაც დავინახე, ის იყო, რომ ჩემი მეორე შვილი, გიორგი კუკულავა, პოლიციელებს ღუმელთან ჰყავდათ მიმწყვდეული და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. დაახლოებით 50-მდე პოლიციელი იქნებოდა. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული ჰქონდათ დაკავებული. მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ და მეზობლებისთვის დამეძახა. ძალიან გვიანი იყო და მხოლოდ ერთი მეზობელი, ქეთევან ცინცაძე გავაღვიძე, _ ჩხრეკის დეტალებს იხსენებდა მოგვიანებით დაკავებულის დედა ია მახვილაძე.
კუკულავების ოჯახის წევრები “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ სახლში პოლიციამ ვერაფერი იპოვა და ძებნა სახლის გვერდით მდგომ დამხარე სათავსოში განაგრძო:
_ სახლის გვერდით “კუხნა” მიდგას, სადაც საკუჭნაო გვაქვს, რომელშიც პროდუქტებს ვინახავთ და დღეში რამდენჯერმე შევდივარ. სწორედ იქ, კარტოფილზე დადებული აღმოაჩინეს ავტომატი, _ ამბობს მახვილაძე.
პავლე კუკულავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ იარაღი ჩაუდო: _ დიასახლისი ქალი ვარ. ყოველდღე შევდივარ საკუჭნაოში. ავტომატი რომ ჰქონოდა ჩემს შვილს, როგორ ფიქრობთ, კარტოფილს თავზე დაადებდა და მის დამალვას ვერ მოახერხებდა?! _ აღნიშნავს დაკავებულის დედა.
პავლე კუკულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 237-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
აღსანიშნავია, ჩხრეკა მათ ოჯახში 7 იანვრის გამთენიას, ორდერის გარეშე ჩატარდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 8 იანვრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკა ორდერის გარეშე, კანონის სრული დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.
“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ ამოღებული იქნას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქმეში არსებული მტკიცებულებები _ წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკები და სხვა მასალები, ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში (ახალშენში) პავლე კუკულავას საცხოვრებელ სახლსა და დამხარე სათავსოში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. საგამოძიებო მოქმედება _ ჩხრეკა, ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგანაც მის დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის განადგურება. შესაბამისად, არსებობდა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩხრეკის ჩატარების საქართველოს სსსკ-ის 112 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც შეზღუდა პავლე კუკულავას კერძო საკუთრება, ჩატარებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, ჩხრეკის ჩატარებისა და მისი საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები”, _ აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე მარიამ დარისპანიშვილი აწერს.
იარაღის შენახვა-ტარების ბრალდებას მალე მოყვა ახალი ბრალდება _ ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ. თუმცა, კუკულავას დანაშაული არ უღიარებია და თავს დღესაც უდანაშაულოდ მიიჩნევს.
კუკულავას ოჯახის წევრები ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდნენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა: _ ამ ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე ვარ, 7 ნოემბრის აქციებზე ვიყავი, ყველა არჩევნებზე კომისიის წევრი ვარ და დარღვევებზე ხმამაღლა ვსაუბრობ. არასოდეს დამიკრავს ტაში ამ ხელისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ მათი უკანონობის მსხვერპლია ჩემი ოჯახი. არჩევნებზე ბევრჯერ მევაჭრებოდნენ ჩემი შვილით, _ ამბობდა 2012 წლის იანვრის ბოლოს, “გურია ნიუსთან” საუბრისას, დაკავებულის მამა.
ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც გამოძიებას კუკულავას წინააღმდეგ აქვს, დისკია, რომელზეც აუდიო ჩანაწერია გაკეთებული. აუდიო ჩანაწერში ბუნდოვნად ისმის საუბარი ყაჩაღობაზე, რომლის შედგა ორ პიროვნებას შორის და ისმის მხოლოდ პალიას სახელი: “მეტი იყო ფული და სეიფი რომ გაგვეღო, მეტი უნდა წამოგვეღო. სეიფი რატომ ვერ გააღო პალიამ?” _ ისმის ჩანაწერში.
ეს დისკი სამმართალდამცველებმა მამუკა მგალობლიშვილის სახლიდან ამოიღეს ავტომატთან და ტყვიებთან ერთად.
მგალობლიშვილის დაკავებაც თავდაპირველად იარაღის შენახვის ბრალდებით მოხდა. მგალობლიშვილთან იარაღი საკმაოდ თვალსაჩინო ადგილზე _ სახლის ღია სხვენზე _ ქილების თავზე იპოვეს.
ჩხრეკის მოწმემ, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ უშუალოდ იარაღის ამოღების პროცესს არ დასწრებია:
_ სხვენზე ასასვლელი ვიწროა. მე დიდი ტანის ვარ და იქ ვერ შევიდოდი. დავინახე, რომ პოლიციელმა იარაღი ჩამოიტანა, _ აღნიშნულია მოწმის ჩვენებაში.
მგალობლიშვილს, დაკავებიდან ძალიან მალე, ახალი ბრალი _ ყაჩაღობა წაუყენეს.
კუკულავასგან განსხვავებით, მგალობლიშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჩვენება პოლიციამ ძალადობის შედეგად მიიღო:
_ მცემდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ოჯახის წვერების უსაფრთხოებით მემუქრებოდნენ და სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს, _ ამბობს მამუკა მგალობლიშვილი, რომელიც საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს.
_ როგორ გგონიათ, ყაჩაღობა ჩავიდინე, მერე საუბრის ჩანაწერი გავაკეთე და შევინახე? ეს ხომ აბსურდია?! _ ამბობს პატიმარი, რომელიც იმდროინდელ სამხარეო სამმართველოს უფროსს, დავით ცირეკიძეს ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს და დასძენს, რომ სწორედ უარმა განაპირობა მისი დაკავება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოებების შესახებ მამუკა მგალობლიშვილმა სასამართლოზეც ისაუბრა, სასამართლოს მისი ეს ჩვენება არ გაუზიარებია და მგალობლიშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდების მიხედვით, მგალობლიშვილმა, კუკულავამ და კიდევ ერთმა პიროვნებამ (რომლის დაკავებაც კუკულავას და მგალობლიშვილის დაკავება სცენარით _ იარაღის შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით მოხდა და ჩვენ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ) 2011 წლის 3 ნოემბერს, სოფელ შუაფარცხმაში, თამაზ ტრაპაიძე დააყაჩაღეს და სახლიდან 2 400 ლარი წაიღეს. დამნაშავეებმა ტრაპაიძე სასტიკად სცემეს და ხელებშეკრული სახლში დატოვეს.
სისხლის სამართლის საქმის თანახმად, აღნიშნული ყაჩაღობის ორგანიზატორი სწორედ მგალობლიშვილი იყო, რომელიც დანარჩენ ორს სახლის გარეთ ელოდებოდა.
თამაზ ტრაპაიძეს სასამართლოზე დამნაშავეები არ ამოუცნია: _ ნიღბები ეკეთათ და ნამდვილად არ ვიცი, ვინ იყვნენ, თუმცა, აღნაგობის მიხედვით ჰგავდნენ. რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არც ერთს არ ჰქონდა, _ გვითხრა ტრაპაიძემ.
ტრაპაიძეს მგალობლიშვილი არ დაუნახავს. ამბობს, მამუკა რომ სახლში ყოფილიყო, აუცილებლად იცნობდა:
_ ჩვენ ვმეგობრობდით და რომ დაეხველებინა, მაშინაც კი ვიცნობდი, _ დასძენს ტრაპაიძე.
გამოძიების პროცესში რამდენიმე ექსპერიმენტია ჩატარებული, ერთ-ერთი კი შემთხვევის ადგილზე დაკავებულებთან ერთად იმ მოქმედებების გავლა, რომელიც მათ ჩაიდინეს.
ამ ექსპერიმენტის ჩატარების დროს, კანონის თანახმად, აუცილებელია, რომ არსებობდეს დაზარალებულის თანხმობა (თუკი მოქმედება მის საცხოვრებელ სახლშია ჩასატარებელი) და თავადაც უნდა ესწრებოდეს პროცესს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაშინ, როცა მგალობლიშვილი ტრაპაიძის სახლთან მიიყვანეს, დაზარალებულს არც შეხვედრია:
_ პოლიციელებმა მითხრეს, რომ თვითონ მამუკას მოთხოვნა იყო, რომ ჩემთვის არ შეეხვედრებინათ. მე სახლიდან ვუყურებდი, თუმცა, მამუკას არ შევხვედრივარ, _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბრისას თამაზ ტრაპაიძე.
ის, რომ პოლიცია დაკავებულის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, რომ ამის საშუალებას მას კანონიც არ აძლევს, არახალია. მით უმეტეს, რომ მამუკა მგალობლიშვილის თქმით, ამ საკითხზე გამომძიებელს მასთან საუბარი არ ჰქონია. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ მგალობლიშვილმა ტრაპაიძესთან შეხვედრა სასამართლოზეც მოითხოვა.
ამ საქმის პროკურორი დავით შვანგირაძე გახლდათ, რომელიც ამბობს, რომ დაკავებულების დანაშაული ბევრი გარემოებით მტკიცდება: _ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა თამაზ ტრაპაიძის სახლში და ეზოში, დამატებით კი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. სახლის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სკოჩი, ნაჭრის ზონარები, სისხლის კვლები, ასევე სუნის კვლები. ხოლო დამატებითი დათვალიერების დროს, რომელშიც მონაწილეობდა ექსპერტ-კინოლოგი და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი, ნაპოვნი იქნა ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნიღბით და ქუდით, საიდანაც იმავე დღეს ამოღებული იყო თმის და სუნის კვლები. მოშორებით იპოვეს სიგარეტის ნამწვები, რომლებიც დაილუქა ცალ-ცალკე. საქმეში კიდევ ბევრი მტკიცებულებაა _ დაზარალებულის ჩვენება, მეზობლების ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები. საქმეში დევს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები სამივე ბრალდებულის იდენტურია. აგრეთვე, ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ ამოღებულ სიგარეტებზე აღმოჩენილი ნერწყვის კვალი ეკუთვნოდა პავლე კუკულავას და, ასევე, მგალობლიშვილს. ხოლო ჩანთაში აღმოჩენილ ქუდზე არსებული თმა ეკუთვნოდა მამუკა მგალობლიშვილს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას შვანგირაძე.
_ ბატონო დავით, მგალობლიშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სუნის კვლები მას შემდეგ აიღეს, რაც მგალობლიშვილი დააკავეს და მტკიცებულებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა _ ისინი შემდგომში, საქმის “შეკერვისას” შეიქმნა…
_ ზემოაღნიშნული კვლები რომ შემთხვევის ადგილიდან იყო ამოღებული 2011 წლის 3-4 ნოემბერს, დასტურდება, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მისი ამსახველი ფოტოსურათებით და ასევე მასში მონაწილე პოლიციელთა და დაზარალებულის ჩვენებებით. ხოლო მგალობლიშვილიდან ნიმუშები აიღეს მას შემდეგ, რაც იგი დააკავეს _ 2012 წლის 16 ივნისს.
_ პოლიციელთა ჩვენება რამდენად შეიძლება იყოს მყარი მტკიცებულება, როცა ისინი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ?
_ ისინი დაინტერესებულ მხარეს არ წარმოადგენენ, ვინაიდან მათი სამსახურებრივი მოვალეობაა მომხდარი ფაქტის გამოძიება, დანაშაულის გახსნა და დამნაშავე პირთა დადგენა-დაკავება. ამასთან, პირველად და გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებას _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ატარებს პოლიციის გამომძიებელი, რომელშიც მონაწილეობენ ექსპერტები, პოლიციის თანამშრომლები და დაზარალებული. გამომძიებელი აღმოჩენილ და ამოღებულ კვლებს ასახავს ოქმში, რომლებსაც ამოღების შემდეგ ცალ-ცალკე ლუქავს მონაწილე პირთა თანდასწრებით, რის სისწორესაც ადასტურებენ ხელის მოწერით. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ დოკუმენტებში ეჭვის შეტანა საფუძველს მოკლებულია..
_ ამ კუთხით თუ მივუდგებით, იგივე მოქმედებები ჩატარდა რესპუბლიკელი მამუკა ცინცაძის სახლიდან, უფრო სწორად საქათმიდან, იარაღის ამოღების დროს, თუმცა, წლების შემდეგ, პირადად თქვენ მოხსენით ბრალი… ამის შემდეგ რატომ უნდა ვირწმუნოთ თქვენი სიტყვები და თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები მივიღოთ უტყუარ მტკიცებულებად?
_ ცინცაძის საქმე იარაღის ამოღებას ეხებოდა, ეს კი ყაჩაღობის საქმეა და რადიკალურად განსხვავებული დანაშაულებია.
_ თუმცა, ყველა ეს ადამიანი, თავდაპირველად დააკავეს იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით. ზოგადად, იმ პერიოდში ასე იწყებოდა საქმის გახსნა.
_ რა თქმა უნდა, ასე არ არის, რადგანაც მამუკა ცინცაძის საქმის სასამართლო განხილვისას, გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გამოძიებაში ობიექტური მიზეზების გამო ცნობილი არ იყო, რაც გახდა ამავე საქმეში ბრალდებაზე უარის თქმის მიზეზი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლო განხილვისას არ გამოვლენილა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მგალობლიშვილის ბრალდებას გააბათილებდა და გაამართლებდა ამ უკანასკნელს. შესაბამისად, სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
_ ბატონო დავით, როგორ გგონიათ, რატომ შექმნიდა ადამიანი საკუთარი თავის მაკომპრომეტირებელ მასალას _ საუბარი მაქვს ჩD დისკზე არსებულ ჩანაწერზე, რომელიც პოლიციამ მგალობლიშვილის სახლიდან ამოიღო? ეს ხომ აბსურდია?
_ დისკზე არსებული ჩანაწერი იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება ამ საქმეში. მარტო აღნიშნულ დისკზე არსებულ ჩანაწერს არ დაყრდნობია ბრალდება. კერძოდ, საქმეში იყო სხვა მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნულ ჩანაწერთან ერთად ერთობლიობაში საფუძვლად დაედო მის ბრალდებას. ამას თან დაერთო თავად მგალობლიშვილის აღიარებით და განთქმითი ჩვენებები, რომლებშიც ეს უკანასკნელი მიუთითებს, როგორც ყაჩაღობის თანამონაწილეებზე და ასევე მის მიერ ჩანაწერის გაკეთებაზე.
_ თავად ამბობს, რომ ეს ჩანაწერი მას არ ეკუთვნის და აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა.
_ აღნიშნული გარემოებები არც გამოძიებაში და არც სასამართლო განხილვისას მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
მამუკა მგალობლიშვილმა უკვე მიმართა შესაბამის ინსტანციებს საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. საქმე რამდენიმე თემად იყოფა _ მათ შორის, დავით ცირეკიძის მხრიდან ყაჩაღობის შეთავაზება, რომლის დეტალებზე ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილში გიამბეთ.