2005 წელს დაამთავრა მერვე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკა-ინფორმატიკა-გამოთვლითი ტექნიკის და მათემატიკის ფაკულტეტზე, უნივერსიტეტი დაამთავრა 2009 წელს. 2007 წლიდან მუშაობს ბათუმის საკრებულოში, ქსელების ადმინისტრატორად. წერს ლექსებს. მისი ლექსები შესულია რამდენიმე კრებულში, მათ შორის “ა,ბ,გ,დ”, “მეცხრე ტალღა” და სხვა…
_ რა ასაკიდან დაიწყეთ წერა?
_ ლექსის წერა დავიწყე მეცხრე კლასიდან. თუმცა, იმ დროის ლექსებს, ლექსები არ ერქვა. შემდეგ მოვუხშირე და უფრო გამართულად დავიწყე წერა…
_ პირველი ლექსი?
_ პირველი ლექსი ნამდვილად არ მახსოვს. თუმცა, ვიცი, რომ სიყვარულზე დავწერე.
_ როგორი ბავშვი იყავით?
_ ცელქი ბავშვი ვიყავი, ანუ ბანალური… ბავშვობა მშვენივრად გავატარე, ლამაზად მახსენდება…
_ საუკეთესო მოგონება?
_ საუკეთესო მოგონება… ცოტა რთული კითხვაა. მოგონება საერთოდ, ყველა ლამაზია. საუკეთესო მოგონება, ალბათ, პირველი სიყვარულია, თუმცა, მე მაგის გარდა, ყველაფერი საუკეთესოდ მაგონდება.
_ სხვა ჟანრში თუ გიცდიათ წერა?
_ კი. თუმცა, რომ ვთქვა, კარგი იყოო- მოვიტყუებ. უბრალოდ, ვარჯიშს უფრო ჰგავდა.
_ რის თქმა სცდილობთ თქვენი ლექსებით?
– ალბათ, იმის თქმას, რასაც ყველა ვერ ამბობს. ზოგჯერ, ვერც მე ვხვდები, რას ვამბობ ჩემი ლექსებით და ხალხს ვანდობ “ამოცანის ამოხსნას“.
_ თქვენი ლექსი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს….
_ არის ერთი ლექსი “იწამე _ მიყვარხარ“. თბილისში, პაემანის დათქმული ადგილი ამერია. დიდი ხანი ვიცადე, მერე კი ავტობუსს გავყევი.
_ როგორია პოეტის ერთი დღე?
_ გააჩნია პოეტს… მე და ჩემი მეგობრები ძალიან ჩვეულებრივები ვართ: დილა, შუადღე, საღამო, სახლი, სამსახური, საღამოები, ქეიფი და ა.შ.
_ რა გეგმები გაქვთ მომავალში?
_ ოჯახის შექმნას ვაპირებ, მაგრამ ჯერ ძიების პროცესში ვარ… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მომავალში ვაპირებ, რომ კითხვას მოვუხშირო და ვწერო.
_ და ბოლოს, რას ეტყოდით მკითხველს?
_ მკითხველს ვეტყოდი, რომ ჩემი კი არა, უფრო ძლიერი პოეტების ლექსები იკითხონ. ძალიან ბევრი კარგი პოეტი ჰყავს თანამედროვე საქართველოს. მე კი ამ ლექსით დაგემშვიდობებით.
იწამე _ მიყვარხარ
ღამეა, ქუჩა თუ ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ, მსურდეს და
უთუოდ სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე, რა მინდა,
საერთოდ, გელოდე იმდენ ხანს,
კინაღამ მივღამდი, ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს სიცივე,
საათებს მოვხსენი სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი, უშენოდ ვიცინე
ფაქტია, არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერაზე ნაკლები
ჩერდება დროება და
უნდა იწამო _ მიყვარხარ!
ახლა კი ავტობუსს გავყვები.