ახლა მხოლოდ სიტყვით და კადრებით გადმოგვცემს სათქმელს. წერს ლექსებს ან “აჩერებს წამებს”. არის ოთხი პერსონალური გამოფენისა და 51 ლექსის ავტორი.
_ როდის დაიწყეთ ლექსების წერა?
_ ოთხი წელია, ვწერ. წერა დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე ბედნიერებაა, როდესაც შენი სამყარო ადამიანებს სულიერად კვებავს. არასდროს ვწერ იმისთვის, რომ რითმა რითმაში ჩაჯდეს, ჩემს ლექსში შინაარსმა რითმა უნდა შვას, რითმამ კი შინაარსი.
_ როგორ დაიწერა თქვენი პირველი ლექსი?
_ ჩემში ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მოზღვავდა… შემდეგ ეს ენერგია აისახა ლექსში “ლამანის მირაჟი“.
_ არის თქვენს შემოქმედებაში ისეთი ლექსი, რომელიც გამორჩეულად გიყვართ?
_ ჩემთვის ყველა ჩემი ლექსი ღირებული და ახლობელია, თუმცა პირველი ნაბიჯი ყოველთვის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში.
_ უფრო ხშირად რა თემაზე წერთ?
_ ჩემი შემოქმედება მრავალმხრივია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ გააჩნია.
_ რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული?
_ ბევრი რამ არის ნათქვამი და დაწერილი ამ უდიდესი გრძნობის შესახებ. არ მინდა, ბანალური ვიყო ჩემს შეფასებებში, მხოლოდ ერთ ლექსს შემოგთავაზებთ.
სული _ მოსიყვარულე მეუღლეს!
მე შენთან არ ვარ, მაგრამ იად ისევ მოვედი
და გაზაფხულიც მოგიკვირტე უმისამართოდ,
დღეს მაპატიე გულში სული რომ ჩაგიხატე,
ახლა აღარ ვარ მიწიერად შენთან, უბრალოდ.
მე აღარა ვარ სიჭაბუკის შენი ჭადარი,
შენ რომ გიყვარდა ნეტარების ფოთოლცვენისგან,
რამდენი ტოტი გადამიტყდა, თურმე დავბერდი,
ფოთლებს ვეღარ ვცნობ სიყვთლეში დარდის თმენისგან.
ახლა გეცლები სიტყვიერად, თუმცა ვეცდები,
რომ ისევ ავღსდგე საიქიოს შენთვის ფენიქსად
არ დაცოტავდე, გევედრები, უფრო გაბევრდი
და ჩემში ლოცვა გაანათე სანთლად რწმენისგან.
სხეულსა და სულს შორის, როდესაც ასეთი რუდუნებაა და საიქიოდანაც კი არ ტოვებ მას… ის არის და იქ არის ზუსტად სიყვარული…
_ ქართულ ლიტერატურაში რომელ ნაწარმოებებს გამოარჩევდით, რომელიც, თქვენი აზრით, ყველა ეპოქაში თანამედროვე იქნება?
_ “ვეფხისტყაოსანი” _ ეს უდიდესი პოემა დღემდე თვალსაჩინო უტყუარი მაგალითია, რამდენ საუკუნეს შეიძლება ითვლიდეს ჭეშმარიტად ღირებული ნაწარმოები. მისი აქტუალურობა, მხატვრული ღირებულება, ფილოსოფიური დატვირთვა, ყოველთვის იქნება თანამედროვეობის თანმდევი... ქართული მწერლობა ამ თვალსაზრისით, საკუთარი ხელწერით გამოირჩევა, რაც უნიკალურია.
_ თქვენი აზრით, რა არის ლიტერატურის მთავარი დანიშნულება?
_ მე ასე ვიტყოდი, ლიტერატურა არის ადამიანის სულიერი პური.
_ რა არის მთავარი იმისთვის, რომ შემოქმედი ადამიანის ქმნილებამ დროს გაუძლოს?
_ რასაც აკეთებ, გულით უნდა აკეთებდე, სიყვარულით უნდა ქმნიდე… თუ რაიმეს მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებ, ის უკვე ყალბია, განსაკუთრებით, ეს შემოქმედებით ამპლუაში იგრძნობა. იდეა, გული, სულიერება, სიყვარული… თუ ადამიანი ამ პრინციპით მოქმედებს, მისი ქმნილება უკვდავია…
_ ლექსების წერის გარდა, თქვენ ფოტოხელოვნებითაც ხართ გატაცებული…
– ლექსების წერა და ფოტოების გადაღება, თითქმის, ერთდროულად დავიწყე, თუმცა პირველად ჩემი შემოქმედება მაინც ფოტოხელოვნებით დაიწყო. რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე პირველ ლექსს _ “ლამანის მირაჟს” დავწერდი…
ერთი კადრი შესაძლოა, იმაზე მეტყველი იყოს, ვიდრე სრულმეტრაჟიანი ფილმი, პოემა, ლექსი. ერთი, თითქოს მარტივი ქმედებით მარადისობაში აფიქსირებ წამს… და წამში მარადისობას. ყოფით ცხოვრებაში, თუ დრო გქმნის და გაყალიბებს, ამ შემთხვევაში პირიქითაა, იმ წამს ზუსტად შენ ქმნი და მეტყველი სწორედ შენით ხდება, მერე კი ეს უკვე მთელი ისტორია… ჩემს ალბომებში ასახული სამყაროს ნაწილიც ამ პრინციპით შევაგროვე.
დღეისათვის 3000-მდე ფოტო მაქვს გადაღებული, აქედან 2000 ათასამდე ფოტო თბილისს მივუძღვენი. ვარ ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არტ მენეჯერ ნინა ბურნევიჩს, რომელმაც საშუალება მომცა, გასულ წელს ჩემი ფოტონამუშევრები კიევში გამომეფინა. სწორედ ნინას დახმარებითა და თანადგომით გამიცნო უკრაინამ, როგორც ფოტოხელოვანი. დღეისთვის ჩემი ნამუშევრები უკრაინის ქალაქ მირგოროდში განთავსებულ დავით გურამიშვილის სახელობის მუზეუმშია დაცული და მუდმივ ექსპოზიციას წარმოადგენს. მინდა, დავიტოვო იმედი, რომ პერსონალური გამოფენით მომავალში საქართველოშიც წარვსდგები, თუ კი იქნება აუდიტორიის დაინტერესება, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა…
_ თვლით თუ არა, რომ ბუნება ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს, იმეორებს ადამიანის ცხოვრებისეულ ეტაპებს, დაგინახავთ თუ არა ხეში, ყვავილში ან ბუნების სხვა უსულო ნაწილში კონკრეტული ადამიანი?
_ სავსებით გეთანხმებით… მე უფრო მეტსაც გეტყვით, ბუნება თავად არის უდიდესი შემოქმედი. ადამიანი ბუნებისგან ქმნის ქმნილებას, ბუნება კი ადამიანის ჩანაფიქრს ახორიელებს. ერთგვარი სინთეზია ადამიანსა და ბუნებას შორის. ერთმანეთისგან ორივე უდიდეს ენერგიას იღებს და შემდეგ გენიალური შედევრებიც იქმნება.
_ მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით?
_ ჩემში დიდ შემოქმედებით ენერგიას ვგრძნობ, ამიტომ ინერტულ როლში ყოფნას არ ვაპირებ. უზომოდ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებს წელს ისეთივე სიხარულს მივანიჭებ, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ჩემი ერთ-ერთი ლექსის (“ამ სიყვარულით”) საფუძველზე დაიწერა ულამაზესი რომანსი, რომლის ავტორი გახლავთ ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი, ქალბატონი მაცაცო სებისკვერაძე, ხოლო სიმღერას ნოდიკო ტატიშვილი ასრულებს. წელს კრებულის გამოცემა მაქვს გეგმაში და თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, ვფიქრობ, ჩემს მკითხველს სასიამოვნო საჩუქარს მივუძღვნი.
_ როგორ დაემშვიდობებით ჩვენს მკითხველს?
_ პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენი გაზეთის ხელმძღვანელს და თავად თქვენ იმ ინტერესისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მასტიმულირებელია. თქვენს მიკითხველს რაც შეეხება, ვეტყვი იმას, რომ დღეს საქართველო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამ ურთულეს პერიოდში, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და რაც მთავარია _ ხარისხიანად. არ მინდა, თქვენი მკითხველი ვრცელი სიტყვით გადავღალო, ამიტომ, თქვენი ნებართვით, ინტერვიუს აქ დავასრულებ და ყველას, ისევ ჩემი ლექსიდან, რამდენიმე სიტყვით მივმართავ… “მე მიხარია თქვენი გულები და ამიტომაც გიძღვნით სტრიქონებს”…