_ ახლა საქართველოში სიმინდზე საუბარი მოდაშია და როგორ იქნება, სუფსამ “ყვითელ პოდიუმზე” არ გაიაროს? რაო? მთელი ლანჩხუთი თესავსო? ვინ თქვა მაგი? გია გოგუაძე თუ თესავს თავისთვის, არ ვიცით და ჩვენ რას ვთესავთ, ჩვენ გვკითხეთ. თაგვმა ჭამა და ვირთაგვად გადაიქცაო, გვაწონებენ ამ ყვითელ სიმინდს. ოქროს ქალთევზად გადაიქცეს, თუ უნდათ! არ გვითხოვია და რას გვაძალებენ?! თესლის საქმეს ჩვენ მოვაგვარებთ _ ჩვენებური გვირჩევნია! მათ ამ გაპარტახებული და მონგრეული ღობეების აღდგენაში დაგვეხმარონ. გვკითხა ვინმემ, რა სახის დახმარება გინდათო? ეს მორიგი მიზანმიმართული პიარია, რომელიც ხელისუფლებას განსაკუთრებით სჭირდება! _ მკაცრი ტონი სჭარბობდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრ ცისანა გურგენიძის ხმაში. მის გვერდით მდგომმა ათამდე ქალბატონმა კი იმ გასაჭირზე გვიამბო, რომელიც კონკრეტულად ხვნა-თესვას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება.
მოსახლეობის “მარტის” გასაჭირი უსიმინდოდ დარჩენაა, რის მიზეზადაც აქაურების მიერ, როგორ გასაკვირადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, შეუღობავი საყანე ფართობები სახელდება. მათი თქმით, ხალხი ქათამსაც არ ტოვებს გაუყიდავს, რადგან სიმინდი აღარ აქვთ და ბალახი ჯერ ისე არ წამოზრდილა, შინაური ფრინველი მის იმედად იყოლიონ.
_ გასული წლის გვალვიანი ზაფხული იმდენს ვერაფერს დაგვაკლებდა, რა ზარალსაც შეუღობავი ყანების გამო ვნახულობთ, აქ ტრიალი ფართობებია და საგანგებო შეღობვა სჭირდება, ეს კი ჩვენი საშუალებით არ ხერხდება. რაშიც დახმარება გვჭირდება, იმაში რომ შემოგვეშველნონ, მეტი მადლი რა გინდათ? _ გვითხრა პენსიონერმა ქალბატონმა, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, მუშაობის სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც, _ შარშან მე და ჩემმა ოჯახმა 700 ლარი დავხარჯეთ საყანე ფართობის დამუშავება-დახვნა-დათესვისთვის. შინ კი 200 კილო სიმინდი მივიტანეთ. და იცით, რატომ? შეუღობავ ყანებში საქონელი შედის და აჩანაგებს. რამდენჯერ დავსვით შეღობვის საკითხი მთავრობის წინაშე, მაგრამ ვინ გაქცევს ყურადღებას?
დიდია აქაურთა ინტერესი, “უნაგირა ჩქუნის” სახელით ცნობილი ვრცელი საყანე ფართობის მიმართ, რომლის შეღობვაში, როგორც თვითონ ამბობენ, ხელისუფლება ხალხს რომ დაეხმარებოდეს, თითოეული ადამიანი უფრო კმაყოფილი იქნება და მუშაობის სტიმულიც მიეცემათ: _ ამ ყვითელი სიმინდის მოსაშენებლად რომ გაცილებით მეტი ხარჯების გასაღებად არიან მზად, ეს არ არის მუშა კაცის აბუჩად აგდება და დაცინვა? _ სვამს კითხვას ჩვენთან მოსაუბრე აქტიური მოსახლეობა. როგორც მათ გვითხრეს, განცხადებით მიმართეს გამგებელს აღნიშნული პრობლემის თაობაზე და პასუხად მიიღეს, “ვინც პრობლემიანები ხართ, ერთად შემოდითო”: _ შეგვყარეს ნახირივით და გამოგვიშვეს უკან ისევე, როგორც მივედით!
სუფსის მცხოვრებლებმა სოფელში გამავალი რკინიგზის ხაზს იქეთ მდებარე კივის ფართობზეც ისაუბრეს, რომელიც ისრაელის მოქალაქეს შეუსყიდია: _ ამ ფართობის გასწვრივ საყანე ფართობებია, რომელიც არ დათესილა. ყვითელი სიმინდის “ხათრით” თუ დათესავენ, თვალს მივადევნებთ, _ თქვეს და ამ სიმინდის გენმოდიფიცირებულობაზეც გვითხრეს რამდენიმე სიტყვა: _ იქნებ, მართლაც ოქროს მარცვლებს ისხამს მაგი ამერიკული სიმინდი, მარა ისეთი ფორმით შემოაქვთ და აძალებენ ხალხს, უმეტესობა გულგრილად უცქერის ამ ამბებს.
რაც შეეხება ყვითელი სიმინდის გენმოდიფიცირებულობას, ბევრი ამას კატეგორიულად უარყოფს, რადგან ასეთი სათესლე მასალა გაცილებით ძვირი ღირს. “საქართველოს მწვანეთა პარტიის” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე კი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, სასოფლო-სამეურნეო სექტორს საბოლოო განადგურება ემუქრება:
_ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა თქვა _ “ვინც აკონტროლებს ნავთობს, ის აკონტროლებს ქვეყნებს და ვინც აკონტროლებს საკვებს, ის აკონტროლებს მოსახლეობას!” _ ეს პოლიტიკა ტარდება დღეს საქართველოში.
როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა რამდენიმე თვის წინ ამერიკული სიმინდის შემოტანის ამბავი დიდი ზარ-ზეიმით გვამცნო და აღნიშნა, რომ სიმინდის თესლი ეკუთვნის ამერიკულ კომპანია “პიონერს”, ძალიან შევშფოთდით და სასწრაფოდ პრესკონფერენცია მოვაწყვეთ. ჩემთვის კარგად არის ცნობილი, კომპანია “პიონერის” საქმიანობა. “საქართველოს მწვანეთა პარტია” წლების განმავლობაში ებრძვის გენმოდიფიცირებულ თესლსა და პროდუქციას. საქართველოში 1996 წლიდან მოყოლებული, ამ სახის ნედლეულის შემოტანის არა ერთი მცდელობა იყო _ პირველად “მონსანტომ” შემოიტანა კარტოფილის თესლი სამცხე-ჯავახეთში, რითაც საფრთხე დაემუქრა კარტოფილის უნიკალურ ჯიშებს. იმხანად ყველაფერი გავაკეთეთ ამ ვანდალური აქტის აღმოსაფხვრელად. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. ლაპარაკობენ, რომ შემოტანილია ჰიბრიდული და არა _ გენმოდიფიცირებული სიმინდის თესლი, მაგრამ ნუ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს თესლი გენმოდიფიცირებულიც არ არის. ამის დადგენა და შემოწმება საქართველოში შეუძლებელია, რადგან სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია არ არსებობს, _ თქვა გაჩეჩილაძემ.