მისივე განცხადებით, მოსამართლეებმა საკმაოდ აქტიურად დააფიქსირეს საკუთარი შენიშვნები, რასაც იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები ყურადღებით ინიშნავდნენ.
“მოსამართლეებს ჰქონდათ საკმაოდ დასაბუთებული შენიშვნები, რომლებიც იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ ჩაიწერეს იმისთვის, რომ გააანალიზონ და პროექტი უკვე იმ სახით წარმოგვიდგინონ, რა შენიშვნებიც ჩვენ გვქონდა. თუ კი ჩვენ შევჯერდებით ნორვეგიის მოდელზე, რა თქმა უნდა, შევთანხმდებით. მაგრამ თუ კომისიის უფლებამოსილება ამაზე მეტად გაფართოვდება, ეს უკვე სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამართლებრივ სტაბილურობას,” _ განაცხადა კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პროგნოზით უკვე დასრულებული და აღსრულებული საქმეების გადახედვა, განსაკუთრებით კი იმ საქმეების, რომლებიც მატერიალური ქონების ჩამორთმევას და ხელახლა მიკუთვნებას ეხება, სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს: “როდესაც საქმე ეხება დემოკრატიის ისეთ ქვაკუთხედს, როგორიცაა საკუთრების უფლება, ამ საკუთრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარჩეს ძალაში. ამას ითხოვს კონსტიტუცია და სამოქალაქო საზოგადოება.”
მთავარი პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული სტატისტიკით 2004 წლიდან – 2012 წლის ჩათვლით ბიზნესმენების მიერ სახელმწიფოსთვის ჩუქების 9 860 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა დღეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.