გურიის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში სურსათის ვაუჩერი უკვე გაცემულია. 23 მარტს, “გურია ნიუსმა” გადაწყვიტა, უშუალოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გაერკვია, რატომ დაგვიანდა ოზურგეთში ვაუჩერის გაცემა. გამგეობის მისაღებში საკმაო ლოდინის შემდეგ, მდივანმა განგვიცხადა, რომ ამ კითხვაზე გამგებელს, ჯერჯერობით, პასუხი არ ჰქონდა და გვირჩია, გამგებლის მოადგილესთან ლავრენტი ქვილორიასთან გვეცადა ბედი. თუმცა, ქვილორია სამსახურში არ აღმოჩნდა. ისე, საინტერესოა, ქვილორიას ექნებოდა კი პასუხი მისი უფროსისთვის უცნობ კითხვაზე?
ჩვენ მეორე დღეს, 24 მარტსაც ვცადეთ, რომ ხალხისთვის საინტერესო კითხვაზე მიგვეღო პასუხი, მაგრამ ჩვენი მორიგი მცდელობაც ამაო გამოდგა.
მოკლედ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასმულ კითხვას თავი აარიდა. ოფიციალური ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ “ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის ფილიალი სასურსათო ვაუჩერების განაღდებაში ჩოხატაურის და ლანჩხუთის მოსახლეობას მოემსახურა, რადგან ხსენებულ მუნიციპალიტეტებში დიდი რიგები იყო.
_ ჯერ ჩვენს რაიონში სასურსათო ვაუჩერების დარიგება არ დაწყებულა. ჩვენ მზად ვართ, მოვემსახუროთ მოსახლეობას. მთავარია, ვაუჩერები წარმოადგინონ, ეს არის ჩვენი ფუნქცია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში “ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის ფილიალის მმართველმა, ავთო სვანიძემ.
_ ჯერ ენერგო ვაუჩერის დარიგება არ არის დასრულებული და შეიძლება ამის გამო დაგვიანდა სასურსათო ვაუჩერების გაცემა, _ ეს მხოლოდ ხალხის ვარაუდია, ხელისუფლება კი, ჯერჯერობით, დუმს. ოზურგეთელები უკმაყოფილებას არ მალავენ ვაუჩერის მიუღებლობის გამო და დაგვიანების მიზეზს კითხულობენ:
_ ჩემს ოჯახს არ მიუღია ვაუჩერი. ვარ ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებელი, მაგრამ მითხრეს, რომ არ მაქვს გახარჯული ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რაც ვაუჩერის მიღებისთვისაა საჭირო. ალბათ, ვერ მივიღებ სასურსათოსაც. ეს არის დაცინვა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ამ ვაუჩერებს საკუთარი პიარისთვის იყენებს, _ გვითხრა ოზურგეთელმა მოქალაქემ.
სასურსათო ვაუჩერის მცირე რაოდენობა დარიგდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში _ სოფლის უბნის ერთ ნაწილს, რომელსაც მიღებული აქვს ენერგოვაუჩერი, სურსათის ვაუჩერიც მიუტანეს, მეორე ნაწილს კი ჯერ არც ერთი ვაუჩერი არ მიუღია:
_ ჩემს მეზობელს გუშინ სურსათის ვაუჩერი მიუტანეს, მე ჯერ ენერგო ვაუჩერიც არ მიმიღია. მაინტერესებს, რა კრიტერიუმით არჩევს ხელისუფლება მოსახლეობას და ჩვენ რა დავაშავეთ?! _ გაოცებულია ერთ-ერთი შემოქმედელი.