2013 წლის 15 აპრილს, “ქუთაისი გაზის”, “გორიგაზის”, “კასპიგაზის, “რუსთავგაზის”, “ბოლნისიგაზის”, სულ 11 ორგანიზაციის გენერალური დირექტორები იტერა-საქართველოს (იტერა-საქართველო იყიდა აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა) ოფისში დაიბარეს და მოსთხოვეს, იმ წერილზე მოეწერათ ხელი, რომლის თანახმადაც თანამშრომლების საკმაოდ დიდი ნაწილი სამსახურებიდან უნდა დაეთხოვათ.
როგორც “გურია ნიუსთან” “რუსთავგაზის” გენერალურმა დირექტორმა სოსო გულიტაშვილმა განაცხადა, ის ერთადერთი იყო მათ შორის, ვინც ახალ საშტატო ერთეულს ხელი არ მოაწერა. როგორც გულიტაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ის კატეგორიულად გააფრთხილეს, თუ ხელს არ მოაწერ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო, ამ სიტყვიერი ბრძანების შესრულებას ის არ აპირებს.
“ისინი საუბრობდნენ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის სახელით, რასაც სხვები დაეთანხმნენ. მე მომივიდა საშტატო განრიგი, რაც ახლა აქ მიდევს წინ, თუ რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამა თუ იმ თანამდებობაზე. როდესაც იყო 187 თანამშრომელი, უნდა იყოს 145. ამაზე არ არის არც ვინმეს ბრძანება და არც არაფერი, ეს გადმოგზავნილი იქნა ელექტრონული ფოსტით პარასკევს. მე ორშაბათს გამოვცხადდი და ვიკითხე, რატომ უნდა მომეწერა ხელი ამ გაუგებარი შინაარსის წერილისთვის.”
“გურია ნიუსის” კითხვაზე ვინ აწერდა ხელს აღნიშნულ საშტატო ერთეულს, სოსო გულიტაშვილმა განაცხადა:
“ხელს არავინ აწერდა, მე მთხოვდნენ ამ საშტატო ერთეულზე ხელის მოწერას. ერთია, რომ 50 ადამიანი ჩემი ხელმოწერით უნდოდათ გაეთავისუფლებინათ და მეორეა გაზის მეურნეობის სპეციფიკა. ეს შეიძლება სურდეს მფლობელს, მაგრამ არ გამოდიოდეს გაზის მეურნეობაში. გაზი ფეთქებადი ნივთიერებაა და აქ არის დაშვებული ნორმები, რომელიც მოქმედებს ძალიან დიდი ხანია, მოკვლეულია და დადასტურებული სემეკის მიერ, სადაც წერია, რომ ეს სწორია და უნდა იყოს ზუსტად ამდენი ადამიანი, რომ სწორად და უსაფრთხოდ მოახდინოს ფუნქციონირება რუსთავგაზმა”.
როგორც გენერალური დირექტორი აცხადებს, სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით განაცხადა მან უარი აღნიშნულ საშტატო ერთეულზე.
_ არ იქნება ხელი მოწერილი, მივიღებთ შესაბამის ზომებს, _ ასე გააფრთხილეს შეხვედრაზე მისული სოსო გულიტაშვილი.
_ ბატონო სოსო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ სამსახურიდან გაგათავისუფლებდნენ?
_ ალეკო ხეთაგურმა
_ ყოფილ მინისტრზეა საუბარი?
_ დიახ, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრზე ვსაუბრობ.
“უსაფრთხოების ყველანაირი ნორმები დარღვეულია. გაზის მეურნეობაში არსებობს ნორმები, რითიც იანგარიშება საშტატო ერთეულები. ისეთი ერთეულებია შემცირებული, რაზედაც გაზის მეურნეობა დგას. შემცირება ისეთი საშიშროების წინაშე გვაყენებს, რომ გაზის ნორმები არანაირად აღარ იქნება უსაფრთხოდ. ამას ჭირდება თავისი სპეციალისტები, წარმოიდგინეთ, სულ 13 ზეინკლის ანაბარა რჩება რუსთავის მთელი მოსახლეობა. მხოლოდ ამდენი საშტატო ერთეული დაგვიტოვეს და ძირითადი აქცენტი ყიდვა-გაყიდვაზე გადაიტანეს.” _ აცხადებს “რუსთავგაზის” წამყვანი სპეციალისტი.
რაც შეეხება კომპანია “სოკარს”, როგორც კომპანიაში აგვიხსნეს, მათი სამუშაო საათები, თურმე მათ შორის პრესსამსახურის ხელმძღვანელისაც (საუბარია ირაკლი ზუბიტაშვილზე, რომელიც სხვათაშორის “სოკარი ჯორჯია პეტროლიუმის” გენერალური დირექტორის დავით ზუბიტაშვილის მოგვარეა,) საღამოს 18:00 საათზე მთავრდება. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, კომპანია სოკარში არ გვითხრეს მისი პირადი ნომერი, რათა კომპანიის პოზიციაც დაგვეფიქსირებინა.
საერთო ჯამში ასობით ადამიანს, რეგიონებში უმუშევრად დარჩენა ემუქრება, გაზგამანაწილებელი კომპანიების დირექტორები კი, რომლებიც მათ მითითებას არ დაემორჩილებიან და ახალ, შემცირებულ საშტატო ერთეულს ხელს არ მოაწერენ, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა იტერა-საქართველო იყიდა და ერთადერთ გაზგამანაწილებელ კომპანიად იქცა საქართველოში, თბილისის გარდა. იტერა-საქართველო საერთაშორისო კომპანიის ნაწილია და საქართველოში ის 170,000-მდე აბონენტს აწვდიდა გაზს. Socar-ის ხელმძღვანელობის თქმით, კომპანიის ფასი დიდი არ იყო, თუმცა კონკრეტულად რა გადაიხადა იტერა-საქართველოში, არ ასახელებს. აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 2008 წელს 22 გაზგამანაწილებელი კომპანია შეიძინა.