როგორც მომავალი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ახლად შექმნილი პარტია თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
უშიშროების ყოფილმა მინისტრმა დღეს სავარაუდო პარტნიორებიც დაასახელა _ როგორც მან აღნიშნა, აპირებს კახა კუკავას, ზურაბ ნოღაიდელის, მინდია გულუასა და ნინო ბურჯანაძის პარტიებთან თანამშრომლობას.
ვალერი ხაბურძანია: _ უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში სამწვეროვანი პოლიტიკური სისტემა. ეს მიმართულებები რეალურად არსებობს _ ერთი იქნება პროდასავლური ანუ ამერიკული მიმართულება, მეორე _ ეროვნული ანუ ცენტრის ტიპის მიმართულება და მესამე _ პრორუსული მიმართულება. საქართველოს პოლიტიკურ სისტემას ძალიან გაუჭირდება სწორად საქმიანობა, თუ მასში არ მიიღებენ მონაწილეობას ის ჯგუფები, რომლებმაც იციან, რას წარმოადგენს რუსეთი.
_ თქვენ დაასახელეთ ის სავარაუდო პარტნიორები, რომლებთან თანამშრომლობასაც აპირებთ. ისინი რას ფიქრობენ ამის შესახებ და უკვე განაცხადეს თუ არა თანხმობა?
_ ჯერ კონსულტაციები არ მქონია. იყო რაღაც რეაქციები, რაც ვფიქრობ არაფერს წყვეტს. საუბრები და კონსულტაციები მოგვიანებით გაიმართება.
_ თბილისში თუ გყავთ უკვე მხარდამჭერები და როდის გადავა პარტია აქტიურ პოლიტიკურ მუშაობაზე?
_ აქტიურ პოლიტიკურ მუშაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რამდენიმე თვით ადრე გადავალთ. მხარდამჭერები, ვთვლით, რომ ყველა რეგიონში გვყავს, რა თქმა უნდა, თბილისშიც.
_ დღეისთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა _ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ავსებენ. ქართველი პოლიტიკური ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს. ამ ფონზე რა ბედი ელით სხვა პოლიტიკურ ძალებს? შესაძლებელია თუ არა, რომ ოპოზიციის ნიშა რომელიმე სხვა ძალამ, მაგალითად არასაპარლამენტო ოპოზიციამ დაიკავოს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ სწორედ თქვენი პარტია შეძლებას ამას?
_ წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით, განსხვავებული ნიშის დაჭერა სწორედ რუსული ვექტორის ძალას შეუძლია. დღეს ამაზე პრეტენზიას, ჩვენს გარდა, არავინ აცხადებს. არასაპარლამენტო ოპოზიცია რომელ ამომრჩეველზე აკეთებს გათვლას, ვერ გეტყვით. არჩევნების წინ, სოციალურ და სხვაგვარად განაწყენებულ ამომრჩეველს მემარცხენე ქმედებებითა და განცხადებებით საპარლამენტო პარტიებიც მოხიბლავენ.
_ ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რეალური ძლიერი პოლიტიკური ძალის გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, შესაძლოა გამოჩნდეს კანდიდატი, რომელიც ჩათვლის, რომ “ქართული ოცნების”, ან “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების საპირწონე იქნება, მაგრამ რეალურად, ამის შანსი, სავარაუდოდ, არავის ექნება. ექსპერტის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ორ ძალას გაუწევს კონკურენციას, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თქვენ განაცხადეთ, რომ აპირებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, რამდენად გექნებათ შანსი და რამდენად შეძლებთ საკუთარი თავის რეალიზაციას?
_ მაჭავარიანს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვეთანხმები, აი, ადგილობრივზე კი ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობას, თუ გადავწყვეტთ მანამდე რთულ საორგანიზაციო საკითხებს და ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობაში მოსვლის სერიოზული შანსი გვაქვს.
_ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალაა: ერთი მმართველი ძალა, ხოლო მეორე _ გადასარჩენი. ამიტომ დღეს არის ის ნიადაგი, რომ ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდეს და მოსახლეობაშიც არის ამის დიდი მოლოდინი. “თუ საზოგადოებამ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ გარკვეული თვისებების გამომჟღავნება დაინახა, მაგალითად, გაბედულების, რადგან ახლა გაბედულების კრიზისზე საუბრობენ, შესაძლოა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვიოს და შესაბამისად, მისი რეიტინგიც გაიზრდება. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისუფლად შესაძლებელია ისიც, რომ ახალი პარტიებიც გაჩნდნენ”, _ აღნიშნავს ექსპერტი. თქვენი პარტია რას გააკეთებს ისეთს, რომ ხალხის ინტერესი გამოიწვიოს?
_ გაბედულები რომ ვართ, ჩვენი რუსული ვექტორისადმი მისწრაფების განცხადებით დავადასტურეთ. ჩვენ ხალხს ახალ მიმართულებას ვთავაზობთ გაცვეთილი პროამერიკელობისა და დასავლურების სანაცვლოდ.
_ პოლიტიკური ექსპერტის ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ახალი პარტიების ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იაქტიურებენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებამდე. რადგან საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულია, ახლა ორ პოლიტიკურ ძალას შორის საუბარი წავა არა დაპირისპირების კუთხით, არამედ იქნება მსჯელობა რეალურ პოლიტიკაზე, მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პარლამენტს გარეთ მყოფი პარტიები საზოგადოებას რა ალტერნატივებს შესთავაზებენ. როგორი იქნება თქვენი პარტიის ალტერნატიული შეფასებები?
_ მე არ მგონია, საკონსტიტუციო ცვლილებებმა კამათის აქამდე არსებული ტონი აკადემიურ ტონალობაში გადაზარდოს და არც ჩვენი საზოგადოებაა ორიენტირებული საპროგრამო დისკუსიებზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ რუსული ვექტორით უკვე რეალურ ალტერნატივას ვთავაზობთ საზოგადოებას და ეს პროგრამულ დებულებებსაც შეეხება.
_ გვითხარით ის, რაც ჯერ არსად არ გაგიცხადებიათ.
_ საზოგადოებას მოვუწოდებ უფრო დაინტერესებით გაეცნონ ბატონ ლევან ვასაძის მოსაზრებებს ერისა და სახელმწიფოს შესახებ. კარგი იქნება, თუ ექსპერტები მის სერიოზულ ანალიზს დაიწყებენ და არ დაუთმობენ ადგილს ემოციურ პრიმიტივისტულ განხილვას. საინტერესო და სასარგებლო ნაშრომია, მივესალმები ლევან ვასაძის გააქტიურებას და ვეთანხმები, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მტერი.