“რამდენი ყოფილხართ?! როდის მოასწარით ასე გაუბედურება?! რა სტრესი შეგხვდათ ამ პატარა ასაკში?! რას გაურბოდით, სად გაურბოდით?! რაში კლავთ თქვენს ნიჭს და ენერგიას?! ვინ გასწავლათ, რომ ნარკოტიკი დეპრესიის უებარი წამალია?! _ დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (კოლხი) თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“რომელ ასაკში დავშორდით ერთმანეთს?! რა ეტაპზე ჩატყდა ჩვენ შორის ხიდი?!
ჩემი თაობა უფრო ცუდად იყო… უფრო გვიჭირდა, უფრო ვიტანჯებოდით, უფრო გვავიწროებდნენ, უფრო გვზღუდავდნენ… უფრო გვიკრძალავდნენ… კარგსაც, საუკეთესოსაც გვიკრძალავდნენ… არ იცოდნენ, რატომ, მაგრამ კინაღამ სუნთქვასაც გვიკრძალავდნენ…
90-იანებში ნარკოტიკები ქუჩაში ეყარა, შპრიცებს ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდით… ვიღებდით და სანაგვეზე ვყრიდით… ყველა სირთულეს ჩვენც ვაპროტესტებდით, ჩვენც ვებრძოდით… ხან საჯარო ბიბლიოთეკაში „ვკაიფობდით”, ხანაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში ლექსებს ვკითხულობდით… ლაშქრობაზე დავდიოდით… სად არ ვმოგზაურობდით… დაზომბირებულ ეპოქაში ძალიან თავისუფლები, ლაღები და ერთმანეთით სავსე ვიყავით…
თქვენ პირიქით, თავისუფალ გარემოში დაზომბირდით… ყვირით თავისუფლებას, მაგრამ სულს არტახები დაადეთ… საწამლავის პატარა აბში მოთავსდით და საზღვრები დაიწესეთ… ყვირით თავისუფლებას, მაგრამ ილუზიას დაემონეთ”, – წერს პეტრე კოლხი.