“დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში ვიზიტისას განაცხადა, რომ საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება.
გვინდა, განვაცხადოთ, რომ სააკაშვილი მორიგ ტყუილს ავრცელებს და მის განცხადებას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. მან კარგად იცის, რომ გზა, რომელზეც დღეს საუბრობდა, ზამთრის განმავლობაში ყოველ წელს ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს.
აღნიშნული მონაკვეთი ხასიათდება ზამთრის პერიოდში ინტენსიური ქარბუქებით, რაც იწვევს უხვ ნამქერს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და, ასევე, ხილვადობის მინიმუმამდე დაქვეითებას. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის მომცველია და, შესაბამისად, ამ მონაკვეთზე, წლების მანძილზე, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატიურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
2007 წლის სექტემბერში საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მიერ დამტკიცდა საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება. მათ შორის არის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმანტაჟის 12 კმ-იანი საუღელტეხილო (ნარდევანი-როდიონოვკის) მონაკვეთი.
სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით ზამთრის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყოველთვის ხორციელდება ალტერნატიული – ხაშური-ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზით.