მილიონ 800 ათასამდე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქე; პენსიონერები, რომელთა პენსია, საარსებო მინიმუმის ნახევარია; ბიუჯეტში სეკვესტრირებული ჯანდაცვის პროგრამები _ ამ ფონზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება.
“ქრისტიან-დემოკრატების” წევრს გიორგი ახვლედიანს არ აქვს იმის ილუზია, რომ მინისტრებიდან ადეკვატურ პასუხებს მიიღებს:
_ მინისტრთა კაბინეტის პარლამენტში დაბარების ინიციატივა ჩვენ გვეკუთვნის. საზოგადოებამ კარგად უნდა დაინახოს, არის თუ არა ეს გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი! მინისტრებთან დებატებში ადეკვატურობის ნიშანწყალი ვერ დავინახეთ.
_ თქვენ დასვით სოფლის მეურნეობის და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრების გადადგომის საკითხი. რატომ გამოყავით ეს ორი მინისტრი?
_ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ის დარგია, რომელზეც ზოგადად ქართული ეკონომიკა, სასურსათო რეალობა, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირებაა დამყარებული. იქ არსებული სტაგნაციის, არაფრისმომცემი პროექტების, შვიდწლიანი უმაქნისობის გამო, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი ამ დარგის გადასარჩენად. ამიტომ, ჩვენ დავაყენეთ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება კობა სუბელიანს, არ მეგულება სხვა სამინისტრო, სადაც ამდენი დანაშაული იყოს ჩადენილი ადამიანების მიმართ. ისტორიული შემთხვევა მოხდა _ სუბელიანი პირველი მინისტრია, რომლის კაბინეტის ფანჯრებთან ქალმა თავი დაიწვა. ასეთ საშინელ ფაქტზე სუბელიანი უნდა გრძნობდეს მორალურ პასუხისმგებლობას. ასეთი შემზარავი ფაქტის შემდეგ, არც ერთ ცივილურ ქვეყანაში, მინისტრი არ იქნებოდა თანამდებობაზე.
_ რატომ მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან ამ თემაზე საუბარს მწვავე რეაქცია? სხდომათა დარბაზში დავინახეთ აგრესია თქვენს მიმართ.
_ უმრავლესობას ძალიან უჭირს მწვავე და კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა. ამიტომ, აგრესია მათი ტაქტიკაა _ ისინი თავს არიდებენ პასუხებს; მთელი სიმძიმე იქეთ გადააქვთ, რომ ჩვენ პროვოკაციებს ვაწყობთ, ვართ უცოდინრები, მოგვაქვს არასწორი ციფრები.
_ რატომ მანიპულირებენ პოლიტიკოსები საზოგადოებით, რომელიც ბევრჯერ მოატყუეს? დღეს ხალხს არაფრის იმედი აღარ აქვს.
_ შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ხალხმა ნაციონალური არხების ილუზორული მუშაობის გამო, არ იციან, რა არის რეალობა. რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმია (ბატონ გიორგის რეგიონული გაზეთები რომ წაეკითხა, გაიგებდა, რომ ამ გაზეთების ნაწილი უზარმაზარი წნეხის ქვეშ მაინც ახერხებს სიმართლე მიაწოდოს საზოგადოებას და ასეთ დასკვნებს, რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმის შესახებ, აღარ გააკეთებდა. რედ.). ჩვენ, პარლამენტში დებატების მოწყობით, შევეცადეთ დაგვენახებინა ხალხისთვის, გასცემდნენ თუ არა მინისტრები ადეკვატურ პასუხებს პრობლემატურ კითხვებზე.
_ ერთადერთი მინისტრი, რომლის მუშაობაც პოზიტიურად შეაფასეთ, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილია. ოპოზიციამ იხუმრა კიდეც _ კარგი კაცია, თუმცა, ცუდ წრეშია მოხვედრილიო.
_ ჩვენ არ გვყავს ამოჩემებული მინისტრები. თუ კარგი კეთდება, მივესალმებით. რაც შეეხება ჯანდაცვას და სოციალურ სფეროს, იქ არის უზარმაზარი პრობლემები _ პენსიონერები და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები, პროგრამებიდან ამოიღეს. პრემიერ-მინისტრი გილაური გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ღარიბთა რიცხვი ოთხჯერ შემცირდა!!! მათ სიმდიდრე არ შეუძენიათ _ უბრალოდ, სიებში აღარ არიან. სამსახურებიდან გამოყრილი ექიმები, ჰოსპიტალური და დაზღვევის სექტორი, დანგრეული და არასწორად ოპტიმიზირებული საავადმყოფოები _ ყველა ამ სეგმენტში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. პრობლემებია განათლების სამინისტროს სფეროში, განსაკუთრებით, მანდატურებთან დაკავშირებით, უმძიმესი მდგომარეობაა პროფესიულ სასწავლებლებში, საგრანტო სისტემა გაუმართავია.
ჩვენ არ გვქონდა იმის ილუზია, რომ მინისტრები იქნებოდნენ ადეკვატურები _ ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, არჩევნების დროს ვის უნდა მისცეს ხმა.