როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო “გურია ნიუსთან” ამბობს, “ხელშეკრულების დონეზე ჩადებული ნაღმების გაუვნებელყოფა” არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფრო სწორად, იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია არ ეყო და საქმეში ექსპერტები ჩაერთნენ.
ერთ ლარად გასხვისებული ქონება, ოფშორში დარეგისტრირებული სამედიცინო ობიექტები და ბაზრიდან მოულოდნელად გამქრალი წარმატებული “სადაზღვევო კომპანიები” _ როგორც გავარკვიეთ, ამ თემების შესწავლას კიდევ დიდი ხანი დაჭირდება.
აჭარა _ საავადმყოფოები ერთ ლარად…
2011 წლის 11 ნოემბრით დათარიღებულ N199 ბრძანებაში, რომელსაც ხელს აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აწერს, ვკითხულობთ: “შპს უნიმედი აჭარას” პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, თანახმად 1 დანართისა.”
ბრძანებით განსაზღვრულია საპრივატიზაციო პირობებიც, რომელიც გულისხმობს ქობულეთის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით და შესაბამისი საკადრო რესურსებით.
ამავე ბრძანების თანახმად, “შპს უნიმედი აჭარას“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის (თუ რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაცია რაიმე მიზეზის გამო ვერ ასრულებს დადგენილ წესებს ან ვალდებულებებს დაზღვეულების მიმართ და არსებობს ამის შესახებ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მაშინ დაზღვეულები გადანაწილდებიან იმავე პროპორციით, რა პროპორციითაც არიან გადანაწილებული დანარჩენი დაზღვეულები სხვა კომპანიებს შორის.) შესრულებამდე, იჯარის ფორმით,სიმბოლურ ფასად 1 ლარად (ერთ) ლარად, სარგებლობაში გადაეცა ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული სამედიცინო დაწესებულებების უძრავი ქონება.
მთელი ეს ერთლარიანი მემკვიდრეობა, ნახევარ წელიწადში “ალდაგი ბისიაის” და მის შვილობილს გადაეცა, რადგან 2012 წლის მაისში, შპს “უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში” შევიდა “ალდაგი ბისიაი” და სამედიცინო ცენტრმა ფუნქციონირება მისი მმართველობის ქვეშ დაიწყო. ამავე კომპანიის მმართველობის ქვეშ დაიწყო ექიმებისთვის 6 ლარიანი ხელფასების გაცემა და მედპერსონალის მასობრივი პროტესტი კომპანიის წინააღმდეგ.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების პროტესტი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც “გურია ნიუსი” სისტემატურად აშუქებდა. მედპერსონალი კომპანიის მხრიდან ფარული საბოტაჟის მცდელობაზე საუბრობდა და რეაგირებას ჯანდაცვის მინისტრისა და მთავარი პროკურორისგან ითხოვდნენ
“გურია ნიუსი” “ერთლარიანი საავადმყოფოების” სამომავლო პერსპექტივის გარკვევას ჯანდაცვის მინისტრთან შეეცადა:
დავით სერგეენკო: “ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება არის შემდეგი, ეს სტატუსქვო რაც არის ამასთან მიმართებაში, მინიმუმ ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. სანამდე შესწავლილი არ იქნება, მე ვერ ვიტყვი ეს კორუფციული იყო, ცუდი იყო თუ ა.შ. ჩემთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ბევრი კითხვა გაჩნდა და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვცადეთ დამოუკიდებლად შეგვესწავლა ეს სფერო. თვენახევარი ამაზე დავხარჯეთ და გულახდილად ვამბობ, რომ დავმარცხდით ამ მცდელობაში. იმიტომ რომ ჩვენი რესურსი ამას არ ეყო. ეს მასშტაბური და ღრმა საკითხები არის, პოტენციურად პრობლემური. ამიტომ, დეკემბრის ბოლოს, ჩემი ინიციატივით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელშიც შედის ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტრო. კომისიას ამ ფორმატით დაწყებული აქვს მუშაობა და შეისწავლის უკლებლივ ყველა, 1555 სამედიცინო დაწესებულების სტატუსს. დამერწმუნეთ, შეგნებულად თუ სტიქიურად, იმდენად ჩახლართული პროცესია, რომ ექსპერტული დახმარებები გვჭირდება სიტუაციაში გასარკვევად, ჩვენი, ჯანდაცვის კომპეტენცია, ხშირ შემთხვევაში, არ აღმოჩნდა საკმარისი.”
გურია _ოფშორული სამედიცინო კომპანია…
შეგნებულად ჩახლართული პროცესია გურიაშიც, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში “მოღვაწე” “ადითის” გარშემო ატეხილმა სკანდალმა ჯანდაცვის მინისტრის ყურამდეც მიაღწია და როგორც მან “გურია ნიუსს” განუცხადა, ამ თემის მოსაგვარებლად სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2008 წელს ისრაელის სამედიცინო კომპანია “აიჰოპი” საქართველოში შემოვიდა. მაშინდელი პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის განმარტებით, კომპანიას საქართველოს 27 რაიონში, “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტის ფარგლებში, ახალი საავადმყოფოები უნდა აეშენებინა.
“ეს არის ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანიას უძრავი ქონება მხოლოდ აუდიტორულად დამოწმებული წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციის გახორციელების შემდეგ გადაეცემა”, _ განაცხადა მაშინ ნიკა გილაურმა.თუმცა, “აიჰოპმა” აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2010 წლის ივლისში, კომპანია “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამოაშორეს. ამის შესახებ, იმდროინდელმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:
_ “აიჰოპს” სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება გაუუქმდა. თუმცა, თუ კომპანია დაფინანსების წყაროს მოიძიებს და პროექტის გახორციელებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, მთავრობა მასთან თანამშრომლობისთვის მზად იქნება, _ აღნიშნა კვიტაშვილმა.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მთავრობას “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტი ჩავარდა და საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის დასარეგულირებლად ახალი პროექტი შესთავაზეს. გამოაცხადეს ტენდერი, რომლის თანახმად, გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს ახალი ობიექტების მშენებლობა დაევალათ. ტენდერში გამარჯვებული ფირმებიდან, ერთ-ერთი იყო შპს “ადითი”, რომელიც, მთავრობის მიერ გაკრიტიკებული “აიჰოპის” შვილობილი კომპანიაა. “ადითმა” მოახერხა და საავადმყოფოები საქართველოს 9 ქალაქში შეიძინა _ მათ შორის, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. უცნობია, რა გადაიხადა ებრაულმა კომპანიამ საავადმყოფოებში და რა ვალდებულებები აქვს აღებული მას სახელმწიფოს წინაშე.
“ადითმა” საავადმყოფოებში შესვლისთანავე მედპერსონალს ხელფასები გაუნახევრა; ბოლოს კი კადრებიც მინიმუმამდე დაიყვანა. 2011 წლის 31 დეკემბერს, შპს “ადითმა” ჩოხატაურის საავადმყოფოდან 25 თანამშრომელი გაუშვა, დარჩენილებს კი ხელშეკრულებები შეუცვალა.
დავით სერგეენკო: “ადითის” შემთხვევაში ეს მოკვლევა სრულდება. რამდენიმე დღიანი ფინალიზაცია უნდა. არიან ასეთი ჩემპიონები სირთულეებში.
“ადითთან “ დაკავშირებით მე გურიაში შეხვედრის დროს მოვუყევი ჩემს კოლეგებს, რომ აქ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებების დასრულება. თვითონ კონტრაქტში არის ჩადებული ძალიან რთული, შენელებული მოქმედების ნაღმები, რომელსაც უნდა განეიტრალება და სწორი მართვა. ერთი შეხედვით, შეიძლება ზედაპირზე იდოს ის, რომ არაფერი შეასრულა ამ კომპანიამ, ვადა გასდის მარტში და რა პრობლემაა, დაიბრუნოს სახელმწიფომ. მაგრამ არაა ეს მარტივი საქმე. ამ ხელშეკრულებაში, თვითონ ის ინფრასტრუქტურა, რაც გადაეცა აღნიშნულ კომპანიას, დატვირთულია იპოთეკით ოფშორულ ზონებში. იმდენი რისკი მოყვება ამას, რომ არაა გამორიცხული, ჩვენ სახელმწიფოს თავიდან დაგვჭირდეს ამ ინფრასტრუქტურის შესყიდვა. თუმცა, არც ამაზე ვიტყვით უარს. მთავარია, პაციენტს ჰქონდეს ადეკვატური მომსახურება. ამის ფინალიზაცია ხდება და უკვე ყოველდღიურ რეჟიმში სურათი მკაფიო ხდება და ვფიქრობ, ერთ კვირაში კონკრეტული, აღსრულებითი გადაწყვეტილებები მრავალმხრივი შესწავლა ხდება ამ ყველაფრის და ხდება ამ გაძლიერებული ფორმატით. იმიტომ რომ დიდი მასშტაბის პრობლემაა ეს.”
სად და როგორ გაქრა “იმედი ელი” _ გასხვისებული 85%
ერთ მშვენიერ დღეს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ერთ-ერთი წარმატებული სადაზღვევო კომპანია “იმედი ელი” ბაზრიდან “გაქრა”. ოფიციალური განცხადების თანახმად, სადაზღვევო კომპანიები “ალდაგი ბისიაი“ და “იმედი ელი” გაერთიანდნენ. გარიგების შედეგად “ალდაგი ბისიაი” “იმედი ელის” აქციათა 85 %-ის მფლობელი გახდა. როგორც “ალდაგი ბისიაის” გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე აცხადებდა, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა მინოტარულ აქციონერებთან, რათა “ალდაგი ბისიაი” “იმედი ელის” აქციათა 100 %-ის მფლობელი გამხდარიყო.
მაშინ, ნიკა გამყრელიძე აცხადებდა, რომ ორივე კომპანია საკუთარ საქმიანობას კვლავ დამოუკიდებლად გააგრძელებდა. თუმცა, “იმედი ელი” “ალდაგმა” ისე “ჩაყლაპა”, რომ ე.წ შერწყმის შემდეგ, ამ კომპანიის ფუნქციონირება შეწყდა. ძალიან მალე, “სახლში გაუშვეს” “იმედი ელის” თანამშრომლებიც. სადაზღვევო ბაზარზე წამყვან კომპანიად “ალდაგი ბისიაი” იქცა და ის ცნობილ “თეთრ სიაშიც” კი შეიყვანეს, რითაც კიდევ უფრო მეტად გაამყარეს კომპანიის პოზიციები. ამ სიაში მოხვედრა კი ყოფილი ხელისუფლების კეთილი ნების გარეშე რომ არ შეიძლებოდა, ესეც ფაქტია. საბოლოო ჯამში, “ალდაგი ბისიაი” სადაზღვევო ბაზარზე მონოპოლისტი გახდა და მისი კაპიტალის ოდენობამ 77 მილიონ ლარს გადააჭარბა. “ალდაგი ბისიაისთვის” არჩევნებამდე გადაგზავნილი კითხვები სხვადასხვა საკითხებზე დღესაც უპასუხოდაა დარჩენილი…
“გურია ნიუსისთვის” ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ეს ე. წ “შერწყმა” საეჭვო გარემოებებში მოხდა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად “იმედი ელის” ყოფილმა ხელმძღვანელმა პირებმა არანაირ თემაზე საუბარი არ ისურვეს.
რატომ გაქრა კომპანია ბაზრიდან და მიმართეს თუ არა მათ ჯანდაცვის ახალ მინისტრს ახალი ხელისუფლების პირობებში? “იმედი ელის” ბუნდოვანი ისტორიის გარკვევა ჯადაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ვცადეთ.
დავით სერგეენკო: “მე ზედაპირულად ვიცი ამ ისტორიის შესახებ. თუმცა სამწუხაროდ დეტალებში არ ვარ ჩახედული, რატომ მოხდა “იმედი ელის” ბაზრიდან გაქრობა. ეს კერძო სადაზღვევო ინდუსტრია არის და ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია არც არის დეტალურად შეისწავლოს ეს შემთხვევა. ასე, რომ მე არ მახსოვს “იმედი ელის” თანამშრომლებს მოემართათ პეტიციით ჯანდაცვის სამინისტროსთვის დახმარების შესახებ. ამიტომ გამიჭირდება დეტალები გითხრათ ამის შესახებ”.
ფაქტია, ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით კი სადაზღვევო კომპანიების მუშაობაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება მოუგვარებელი, როგორც პრაქტიკული, ასევე საკანონმდებლო სა კითხების თვალსაზრისით.