საავადმყოფოს დირექტორის, თემურ კოროშინაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სიტუაციის გარკვევა კომპანიის ცენტრალურ ოფისში და სადაზღვევო კომპანიებთან მიმდინარეობს:
_ ნოემბრის შემდეგ მიუღებელი გვაქვს კუთვნილი ხელფასი. მიზეზი ჩვენც არ ვიცით და ახლა, ვცდილობთ დავადგინოთ რა გახდა დაგვიანების მიზეზი. იმ შემთხვევაში თუკი არ ჩამოგვერიცხა თანხები, სხვა გზას მივმართავთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კოროშინაძემ.
მისივე განმარტებით, “სხვა გზა” შიმშლობა არ იქნება, თუმცა, მედპერსონალის ნაწილი, “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ხელფასების არ ჩამორიცხვის შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებენ.
აღსანიშნავია, რომ “ადითი” ის კომპანიაა, რომელსაც 4 მინისტრი ვერ მოერია და რომლის თანამშრომლები, თითქმის ყოველ მეორე თვეს, ხელფასების დარიგების მოთხოვნით აქციებს აწყობენ.
ებრაულ კომპანიას, რომლის მიმართ დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს, სახელმწიფოსთნ დადებული ხელშეკრულების ვადა 31 მარტს ეწურება. ხელშეკრულების თანახმად, “ადითსს” ჩოხტაურსა და ლანჩხუთში ახალი საავადმყოფოები უნდა აეშენებინა, თუმცა, არათუ საავადმყოფო, ახალი აპარატურაც კი არ შემოტანილა. სამაგიეროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში თანამშრომლების ნაწილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან დაითხოვა, ნაწილს კი ხელფასები გაუნახევრდა, რომლის გაცემასაც, კომპანია თვეების განმავლობაში აგვიანებს.