საჩივრის მიზეზი საქართველოში დღემდე მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა. პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, ის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ქვეყანა, სადაც ჯეროვნად არ არის დაცული დასაქმებულის უფლებები, აშშ-სთან ვაჭრობის შეღავათიანი პირობებით არ უნდა სარგებლობდეს.
განხილვაზე საქართველოს პოზიცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. ბარამიძის თქმით, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად ქვეყანამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები, ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი დაწყებულია და იუსტიციის სამინისტროს შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს, პარლამენტი სულ მალე განიხილავს.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამერიკული მხარე ქართულ დელეგაციასთან კონსულტაციებს განაგრძობს და ყურადღებით დააკვირდება საკანონმდებლო ორგანოში შრომის ახალი კოდექსის განხილვის პროცედურებს.
„ამერიკული მხარე ჩვენგან ითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დასაქმებულთა უფლებების დასაცავად. იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა შრომის ახალი კოდექსი, რომელიც ამ კუთხით ვითარებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველო შეინარჩუნებს აშშ-სთან სავაჭრო პარტნიორობის შეღავათიან პირობებს, _ განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.