(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ სამდღიანმა, ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში სერიოზული ზარალი გამოიწვია. დაზიანებულა ათობით საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობები და სკოლები. როგორც გვითხრეს, სოფელ შუა ფარცხმაში, სკოლის სახურავიდან ჩამოვარდნილი კონსტრუქცია მოსწავლეს დაეცა და დაზიანებებიც მიაყენა. ჩოხატაურის “საავადმყოფო-პოლიკლინიკის” ხელმძღვანელი, თემურ კოროშინაძე ამბობს, რომ მიმღებში ტრავმით არავინ მიუყვანიათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე შუაფარცხმის სკოლის სახურავის დაზიანებას ადასტურებს:
_ კონსტრუქცია კი ჩამოვარდა სახურავიდან, მაგრამ არავის დაცემია, _ გვითხრა ხუნდაძემ.
ქარმა სახურავი ახალგარემონტებულ მუსიკალურ სკოლასაც ახადა. ხუნდაძის მოწოდებული ინფორმაციით, მუსიკალური სკოლის სახურავის შეკეთება 4 აპრილს, დღის ბოლომდე დაიწყება:
_ მართალია, ქარი ჩადგა, მაგრამ სინოპტიკოსები წვიმებს ვარაუდობენ, რაც მოყენებულ ზარალს გაზრდის. ჩვენ უკვე დავუკავშირდით მშენებლებს, რომ დაუყონებლივ დაიწყონ მუსიკალური სკოლის გადახურვის სამუშაოები, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
სპეციალური კომისია უკვე სწავლობს სტიქიისგან მიყენებულ ზარალს, რომელიც წინასწარი მონაცემებით, 30 000 ლარს აღემატება.
_ ჯერჯერობით, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. კომისია ფაქტებს სწავლობს და ამის შემდეგ გვექნება ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ზარალია ჩოხატაურში, _ გვითხრა ხუნდაძემ.