კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლოდროინდელი განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამაში გასაკვირი არაფერია, რომ არა ერთი გარემოება _ კორეის ნახევარკუნძულზე საომარი მდგომარეობა 1950 წლიდან ფორმალურად არც შეწყვეტილა. საქმე იმაშია, რომ სამწლიანი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, ხელი მოეწერა მხოლოდ დაზავების ხელშეკრულებას გაეროს დროშის ქვეშ მებრძოლ აშშ-ს არმიასა და ჩრდილო კორეას შორის. მას შემდეგ, აშშ-ს ჯარებს კორეის ნახევარკუნძული არ დაუტოვებიათ და 28 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ახლაც სამხრეთ კორეაშია განლაგებული.
ასე რომ, ფხენიანს ომი არ გამოუცხადებია, რადგან ეს ომი ჯერაც არ დამთავრებულა _ ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ურთიერთობა სამხრეთ კორეასთან, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, აღმოჩნდა საომარ მდგომარეობაში და პროვოკაციების შემთხვევაში, ფხენიანი იმოქმედებს საომარი მდგომარეობის კანონებით.
შეგახსნებთ, რომ ჩრდილო კორეის ასეთი რეაქცია გამოიწვია ამერიკის და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა, რომლის დროსაც ამერიკულმა ავიაციამ პოლიგონზე რამდენიმე ბომბი ჩამოაგდო.