თუმცა, როგორც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ირწმუნება, ყველა იმ განცხადების დამუშავება მოხდება, რომელიც ამ პერიოდში შევიდა თავდაცვის სამინისტროში. მინისტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკით, ამ დროისთვის შესული 4 ათასზე მეტი განცხადებიდან, 1 100 სამხედრო მოსამსახურე დაუბრუნდა შეიარაღებულ ძალებს, 400 საქმე განხილვის ბოლო სტადიაზეა, პარალელურად, მიმდინარეობს დარჩენილი საქმეების შესწავლაც,
“უსასრულოდ ეს კომისია ვერ გააგრძელებდა მუშაობას. ამ დროისთვის შექმნილია სამი დონის კომისია, რომლებიც განიხილავენ ყველა საკადრო გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტროში. თუ კიდევ ვინმეს ექნება სურვილი დაუბრუნდეს შეიარაღებულ ძალებს, მოუწევს კომისიის და შერჩევის საბჭოს გავლა. პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებების განცხადებების განხილვა და დამუშავება არ შეწყვეტილა და დღესაც გაგრძელდება,” _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ალასანიამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაღალი რანგის ოფიცრების (პოლკოვნიკები, გენერლები) აღდგენა საქართველოს პრეზიდენტის მიზეზით ჭიანურდება.
კანონის მიხედვით პოლკოვნიკების და გენერლების აღდგენის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ეს უკანასკნელი კი გარკვეულ პერსონებს ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებებით ბლოკავს.
“მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ადგილი აქვს პროცესის გაჭიმვას. ეს არის პრობლემური საკითხი, რომლის გადაწყვეტასაც ვცდილობთ უშიშროების საბჭოს აპარატთან თანამშრომლობით, მაგრამ გვესმის ის რეალობა, რაც გვაქვს ქვეყანაში _ ხალხის უმრავლესობით არჩეული მთავრობა და ოპოზიციური ძალის ლიდერი პრეზიდენტი. კოჰაბიტაციის პროცესი, სამწუხაროდ, ხან მიმდინარეობს ნორმალურად, ხან ვერა. ჩვენ კანონმდებლობას ვერ გავექცევით, მაღალი რანგის ოფიცრების აღდგენა პრეზიდენტის დისკრეციაა,” _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.