ალასანია სულსწრაფობას უწოდებს ყოფილი ხელისუფლების მიერ საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკის ნაადრევად გაპიარებას და გამომზეურებას. იგი აღიარებს. რომ “დელტაში” დიდი სამეცნიერო პოტენციალია, თუმცა, ამის მიუხედავად ქართულ ჯავშანმანქანებს უკვე დაუდგინდათ ხარვეზები ძრავასა და გამწეობაში.
“ძალიან დიდი სამეცნიერო პოტენციალია ამ უწყებაში კონცენტრირებული. მათ მიერ დამზადებული ტექნიკის წვრთნებში გამოყენება მოხდა იმ მიზნით, რომ მოგვეხდინა ჯავშნის გამოცდა. ასევე იგეგმება საცეცხელე გამოცდაც და რენტაბელურობიდან გამომდინარე გავარკვევთ, გავაგრძელებთ წარმოებას თუ არა,” _ განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, საქართველოს შეცდომების დაშვების ფუფუნება არ აქვს და, შესაბამისად, გამოცდის დამთავრებამდე არ იგეგმება არც ტექნიკის სერიული წარმოება და არც მზა მანქანების საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება.
თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ის ზოგადად დაინტერესებულია საქართველოში სამხედრო ინდუსტრიის განვითარებით და ამ მხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს თურქულ და აზერბაიჯანულ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.