ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მეხუთე რაიონში, ორსართულიანი #3 საერთო საცხოვრებლის ბინის მცხოვრებლები, ახალ ხელისუფლებას დახმარებას “გურია ნიუსის” მეშვეობით თხოვდნენ.
კორპუსი ათწლეულების მანძილზე ავარიულ მდგომარეობაშია და მისი სახურავის ნახევარი საერთოდ არ არსებობს. უამინდობის დროს მობინადრეებს სახლში აწვიმთ და ისინი მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისგან შველას ითხოვენ. 23 მარტის სტიქიამ საცხოვრებელი სახლი კიდევ უფრო დააზიანა. გამგებელი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და ავარიული კორპუსის სახურავი და საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერა.
აქ მცხოვრებთა უმეტესობა მრავალშვილიანია და სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მათი შემოსავალი მიწის ნაკვეთი და ერთადერთი სოციალური დახმარებაა. დაბის რწმუნებულის, შოთა ართმელიძის ინიციატივით, მალე აქ მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები სოფლისაგან სხვადასხვა სახის მატერიალურ დახმარებას მიიღებენ.
კონსტანტინე შარაშენიძემ ნასაკირალის N 5 რაიონის მცხოვრებლებს დაზიანებული კორპუსის გადასახურად საჭირო მასალით დახმარებას დაპირდა.