აღმოჩნდა, რომ ყოველი კვირის პარასკევს, საბავშვო ბაღის გამგე, მზარეული და ექთანი ჩამოწერენ, რა ესაჭიროებათ მომდევნო კვირისთვის და შეტყობინებას უგზავნიან ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე ირაკლი სიხარულიძეს, რომელსაც ხელშეკრულება აქვს დადებული ვეტერინარ ნინო ჟღენტთან, მეპურე თამაზ სიხარულიძესთან, მეყასბე ტარიელ მიქაშავიძესთან, თენგიზ ჯინჭარაძესთან, ქუთაისის საბითუმო ქსელთან, ბათუმის “ჩვენს სუფრასთან”, “კუმისთან”, თბილისის “ტკბილ ქვეყანასთან”; სწორედ ამ მომწოდებლებისგან იღებს ინდმეწარმე საბავშვო ბაგა-ბაღებში შესატან ხორცს, კარაქს, კვერცხს, ორცხობილას. ყოველი კვირის ორშაბათს, მოთხოვნის საფუძველზე, საბავშვო ბაღებში შეაქვთ კარტოფილი, ბურღულეული, შაქარი, ქიშმიში, ზეთი, ტომატი, ბოსტნეული, შედედებული რძე, კისელი, პურის ფქვილი, ხილი, კაკაო, ჩაი, მარილი, კანფეტი, საფუარი.
ჩვენ დავინტერესდით სოფლების _ ხიდისთავისა და ჩაისუბნის, დაბის #1 ბაგა-ბაღისა და #1 საბავშვო ბაღის სამზარეულოს მდგომარეობით. ჩვენ მიერ მონახულებულ ყველა საბავშვო ბაღში, ვიზუალურად, დაცულია ჰიგიენური ნორმები, დგას მაცივარი, დახურული კარადები, სადაც ინახავენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი კვირის მარაგს.
_ ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ საეჭვო პროდუქტი შემოეტანათ, თუ კვირის ბოლოს რაიმე მალფუჭებადი პროდუქტი დაგვრჩა (რადგან ბავშვების რაოდენობაზეა დამოკიდებული) უკან ვაბრუნებთ, რომ ორშაბათს ახალი მივიღოთ, _ ამბობენ საბავშვო ბაღის გამგეები.