ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზების თემა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქტუალობას შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან მოყოლებული არ კარგავს. საკითხი დღის წესრიგში მწვავედ გასული წლის ივლისშიც დადგა, როცა “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაიწყო _ კანონპროექტის მიხედვით, გაზსადენი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში არ შევიდა.
მაგისტრალური გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება, საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება და ჯამურად 221 კილომეტრი სიგრძისაა. იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისთვის. მას, ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტრატეგიული, ისე დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია.
2010 წლის ზაფხულში, როცა აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა გაზსადენის გაყიდვა გამორიცხა, თუმცა, საკონტროლო პაკეტის 10-15%-ის ლონდონის ბირჟაზე განთავსების აზრი გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა, მოტივად ქვეყნისთვის იმიჯის შექმნა დაასახელა.
მოგვიანებით, პარლამენტმა გაზსადენის პრივატიზების კანონპროექტი დაამტკიცა. საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა 51%-იანი საკონტროლო პაკეტის სახელმწიფო ფლობის შესახებ, გარდამავალ დებულებებში ჩაწერილიყო, არ შესრულდა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, “რევოლუციურმა მთავრობამ” კომპლექსური პრივატიზების პოლიტიკა აირჩია. გაზსადენის თემა დღის წესრიგში მაშინაც დადგა. ამიტომ, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის 2005 წლის 10 მაისს გამართულ შეხვედრაზეც. ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე ჯორჯ ბუშთან საუბრის დეტალებს, ცოტა მოგვიანებით ასე იხსენებს:
“სიტყვებს შორის პირდაპირ იკითხებოდა, რომ პრეზიდენტი ბუში და მისი ადმინისტრაცია გარკვეულწილად შეშფოთებული იყო იმ საპრივატიზაციო პოლიტიკით, რომელიც ენერგეტიკულ სექტორში ტარდებოდა: დაჩქარებული პრივატიზაცია პრაქტიკულად ნიშნავს მთელი ინფრასტრუქტურის გადასვლას რუსული კომპანიების ხელში, რომლებმაც შეიძინეს როგორც სადისტრიბუციო, ასევე გენერაციის ობიექტები საქართველოში.”
მაშინ, ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გამყრელიძის ეს განცხადება უარყო და განაცხადა, რომ ხელისუფლება გაზსადენის პრივატიზებას არ აპირებს.
ამერიკის რეაქცია ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ძალიან მალე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მოხელეებისგან უამრავი რეკომენდაცია და გაზსადენის აღსადგენად საჭირო დაფინანსების გარანტიებიც მიიღო. დაფინანსება ისევ ჯორჯ ბუშის მიერ დაფუძნებული “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამიდან” გახორციელდა.
“შესაბამისად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” (Mჩჩ) ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად (რომელთა საერთო ღირებულება 295 მილიონი დოლარის დახმარებას მოიცავდა, ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ კი კიდევ 100 მილიონი დოლარით გაიზარდა), მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას იმ პირობით ითვალისწინებდა, რომ საქართველო არ გაასხვისებდა ამ ობიექტს,” _ ამბობს ეკონომიკის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი.
შეთანხმების თანახმად, ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს Mჩჩ -ის ის თანხა, რაც გაზსადენის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, რის შემდეგაც Mჩჩ შეწყვეტს გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს და ასევე დაიტოვებს უფლებას შეაჩეროს შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პროექტებიც. კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 7 აპრილს დასრულდება.
“საქართველოს მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს, ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს უფლება გაზსადენზე ამ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა თუ “ათასწლეულის განვითარების ფონდი” წერილობითი ფორმით არ განაცხადებს თანხმობას”, _ ნათქვამია შეთანხმებაში.
2005 წლის აგვისტოში აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს ხუთწლიანი პროგრამა _ “ათასწლეულის გამოწვევის კონტრაქტი”. 2006 წლის 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, იგი ოფიციალურად შევიდა ძალაში. დაახლოებით 35 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში მოხდა გაზსადენის 22 მნიშვნელოვნად დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია და მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა შეასრულეს.
რა მოხდება აპრილის შემდეგ, ამის თქმა, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ექსპერტებს უჭირთ, თუმცა, ფაქტია, რომ საკითხი დიდი მითქმა-მოთქმების, გარჩევისა და პოლიტიკური თამაშების ნომერ პირველი საგანი ისევ გახდება, როგორც კი შეთანხმების ვადა ამოიწურება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საპრივატიზაციო საქართველოში, ფაქტობრივად, არაფერი დარჩა.
ამის პირველი სიმპტომები მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზერბაიჯანული ნავთობკომპანიის “სოკარის” პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა მზადყოფნა გამოთქვა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ნაწილის ყიდვაზე. ამ განცხადებამ, მოსვენება დაუკარგა სომხურ მხარეს, რომელთანაც აზერბაიჯანს 20-წლიანი ყარაბახის კონფლიქტი აკავშირებს.
სომხური მხარის მღელვარება, ბაქოში გრიგოლ ვაშაძის ვიზიტის პარალელურად დაიწყო _ როგორც სომხურ გამოცემაში “სომხური დრო” გამოითქვა ვარაუდი, ოფიციალური ბაქო ყველაფერს აკეთებს, რომ მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი, მათ მფლობელობაში გადავიდეს.
ქართული ოპოზიციის გაცხადებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისეთი მნიშვნელობის ობიექტები, როგორიც, თუნდაც მაგისტრალური გაზსადენია, კავკასიის რეგიონში თავისი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.
გასულ წელს, მილსადენის შეძენის შესაძლო მსურველებში, რუსული “გაზპრომი” პირველ რიგში მოიაზრებოდა. რუსეთში ამ ობიექტისადმი მრავალწლიან ინტერესს არც მალავენ. ქართველ ექსპერტთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ რუსეთს, რომელიც ენერგეტიკას პოლიტიკური მიზნებითა და სადამსჯელო ბერკეტის სახით უკვე კარგა ხანია იყენებს, რეგიონული მნიშვნელობის ობიექტი ხელში არ უნდა ჩაუვარდეს.
როდესაც მაგისტრალური გაზსადენის ხელში ჩაგდების კრემლისეულ ზრახვებზე მიდის ლაპარაკი, ხაზი ყოველთვის ესმება იმ გარემოებასაც, რომ ამ მიზნის მიღწევა რუსეთს მხოლოდ საქართველოს “დასაჩოქებლად” არ სურს _ ამით ის ცდილობს, მოახერხოს კიდევ უფრო დაახლოება ირანთან და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ესოდენ საფრთხილო ალიანსი შექმნას. ამასთან, მოსკოვს მიეცემა ბერკეტები, რომ ნებისმიერ დროს ჩაკეტოს ცენტრალური აზიის ენერგეტიკული ბაზრები დასავლეთისთვის. ამ ყველაფრის შედეგად კი, ანალიტიკოსების აზრით, თუკი საქართველო მაგისტრალურ გაზსადენს დათმობს, შესაძლოა დასავლეთის ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ, ნულს გაუტოლდეს.
ნაწილობრივ და არა საკონტროლო პაკეტის პრივატიზების მომხრეა ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ლიანა ჯერვალიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რამდენიმე წლის წინ გაზსადენის პრივატიზება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო, ამჟამად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, დაცულია: “წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ სახელმწიფომ ნებისმიერ სიტუაციაში დათმოს საკონტროლო პაკეტი და წინააღმდეგი ვიქნები იმისა, რომ სახელმწიფომ, პირდაპირი მიყიდვის წესით, ვინმეს მიყიდოს მილსადენი, ვინც არ უნდა იყოს.
გარკვეული პროცენტის გაყიდვა ლონდონის ბირჟაზე, უბრალოდ, ტესტის სახით, დასაშვებია, რადგან საინტერესო იქნებოდა, რუსეთის გარდა, ვინ დააპირებდა მის ყიდვას,” _ აცხადებს ჯერვალიძე, რომელსაც ნაწილობრივი პრივატიზების საკითხში სხვა ქართველი ექსპერტებიც ეთანხმებიან.
“რამდენიმე წლის წინ იყო სულ სხვა ვითარება, ახლა არის სულ სხვა _ მაშინ, როდესაც პირველად დადგა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხი და მონოპოლისტი მომწოდებელი იყო რუსული კომპანია. მონოპოლისტი კი არ შეიძლებოდა ამავე დროს ყოფილიყო მილსადენების მფლობელი. ასევე, მიმდინარეობდა აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის განვითარების პროცესი. 2003 წელს მხოლოდ პროექტის სახით იყო დაწყებული ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობა. ასეთ ვითარებაში კი, მილსადენის რუსეთისთვის მიყიდვა, ხელს შეუშლიდა დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფნის განვითარებას. ამ საფრთხეებს ახლა აღარ ვხედავ _ დასავლეთ-აღმოსავლეთის დერეფანი უკვე არის; აზერბაიჯან-თურქეთსა და პლუს საბერძნეთს შორის დამაკავშირებელი მილი უკვე არსებობს. ასევე, ჩვენ ორი მომწოდებელი გვყავს: აზერბაიჯანული კონსორციუმის და “სოკარის” სახით, არ ვართ რუსულ გაზზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ის საფრთხეები, რომელიც 2003 წელს არსებობდა, აღარ არის,” _ დასძენს ჯერვალიძე.
რამდენად იქნება ეს საკითხები გათვალისწინებული მილსადენის შესაძლო პრივატიზების დროს, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუ ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგება, ამ შემთხვევაში, ჯერჯერობით, უცნობია თეთრი სახლის პოზიცია, სადაც ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი, ობამას მმართველობის პირობებში, შესუსტებულია.