სხდომის ბოლოს მან სტრუქტურულ ცვლილებებსა და ილია გვარჯალაძის განცხადებაზე ისაუბრა.
“ის განცხადება, რაც ბატონ ილოსგან მოვისმინეთ, საკუთარ თავზე არც მიმიღია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ცვლილებები იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა დაიჩაგრება და რამე უკანონობის ჩადენას ვაპირებთ. მე პირადად გაძლევთ პირობას, რომ კანონს არ დავარღვევთ. თუ დაირღვევა, აგერაა სასამართლო და ყველას მოუწევს პასუხისგება. თუ ჩათვლით, რომ რაღაც ისე არ არის, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ორგანოს. ჩვენ საკრებულოსთან და თავმჯდომარესთან შეთანხმებით ვაპირებთ ყველა გადაწყვეტილების მიღებას. მე იმისთვის ვარ ჩამოსული, რომ მოხდეს რაიონის წინსვლა და არ უნდა გაჩერდეს იმ ადგილზე სადაც არის. წამომყევით, ერთად ჩამოვიაროთ სოფლები და ვნახავთ, რა დღეშია მოსახლეობა. ცვლილებები უნდა წავიდეს დადებითი მხრიდან და ასეც იქნება. თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, ჩემი კარები ყველასთვის ღიაა _ თუ რაღაც არ მოგწონთ, მობრძანდით და ერთად განვიხილოთ. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პრობლემებს, გთხოვთ ჩაერთოთ ამ საკითხში. მე რწმუნებულებს დავავალე თქვენთან თანამშრომლობა. ასე რომ, თხოვნა მაქვს საკრებულოს დეპუტატებთან, ჩაერთონ ამ პროცესში. ისე ჩანს, თითქოს ვერ მოვდივართ კოორდინაციაში. მე გთხოვთ, რადგან ბევრი პრობლემები გვაქვს, ერთად მოვაგვაროთ. არ იფიქროს ვინმემ, ნათესაობით ან მეგობრობით ვინმე დავინდოთ _ კანონს ვინც დაარღვევს, პასუხსაც აგებს.” _ თქვა ზაზა ურუშაძემ.