“როცა მიხეილ მაჭავარიანი იყო ჩამოსული, პირდაპირი დავალება მისცა კახაბერ ასკურავასა და გია გოგუაძეს, რომ 1 200 კაცი უნდა წაიყვანონ ლანჩხუთიდან. ამათ უთხრეს, 300 წამოვიყვანთო. ამბობენ, რომ ფულს არიგებენ. აქაური ნაციონალები ნამდვილად ემზადებიან, მაგრამ გურული ხალხი იმდენად გონიერია, 100 კაცზე მეტი, არ მგონია, რომ წავიდეს _ ვიღაც განაწყენებული, ვიღაც სამსახურიდან მოხსნილი,” _ გვითხრა გია ფირცხალაიშვილმა.
ფირცხალაიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უარყოფს კახაბერ ასკურავა: “ის, რომ ჩვენ ვიღაცას ფულს ვთავაზობთ აქციაზე წამოსვლის სანაცვლოდ, ტყუილია. მე არ ვარ ორგანიზატორი. ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, სულ მალე, ოზურგეთის შემდეგ, ლანჩხუთს არასამთავრობო ორგანიზაცია “19 აპრილი” ეწვევა. ამ ორგანიზაციას აკისრია კონკრეტული მისია და მაშინ გაირკვევა, ვინ და რამდენი ადამიანი წავა ლანჩხუთიდან. არანაირი დავალება მაჭავარიანის მხრიდან არ ყოფილა. აქციაზე წასვლას ორგანიზება არ სჭირდება _ წავა ყველა, ვინც უკმაყოფილოა და არ ეთანხმება ახალი მთავრობის პოლიტიკას,” _ გვითხრა ასკურავამ.