ეკონომიკური ფორუმის მთავარი მიზანია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განხილვა.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სიტყვით გამოვა. მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც ევრაზიული ხიდის ახალ გამოწვევებზე, ასევე, ქვეყანაში ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებზე გაამახვილებს ყურადღებას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა. ბაქოში მიმდინარე ღონისძიებაზე სახელმწიფო ლიდერები რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელებენ და შეიმუშავებენ გეგმებს სამომავლო თანამშრომლობისთვის. აღნიშნულ თემაზე დისკუსია იანვარში დავოსში გამართულ ფორუმზე დაიწყო.
ფორუმში აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობის წევრები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.