“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ამასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
“საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახელობის 95%-ისათვის, ასევე უზრუნველყოს დაცული და მდგრადი ქსელის ფორმირება არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით. ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებების განსაზღვრისათვის უნდა განხორციელდეს ტექნიკური ამოცანების სწორად განსაზღვრა, არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქსელის გონივრული და სწორი დაგეგმარება.
ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბაზისის შერჩევისას, მიზანშეწონილია, გაანალიზდეს საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა საუკეთესო პრაქტიკის შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს ის გამოწვევები, რომლებიც ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულებით არსებობდა კონკრეტული ქვეყნის წინაშე. დასავლეთ ევროპის პრაქტიკა ბევრად წარმატებულია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკა, თუმცა საქართველოს საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის მომსახურებაზე დამოკიდებული მომხმარებლების კონცენტრაციის მაჩვენებლის კუთხით (სატელიტური და საკაბელო პლატფორმების მომხმარებლებთან შეპირისპირებით), საინტერესოა დიდი ბრიტანეთის, ასევე იტალიის, ესპანეთის, ასევე ტერიტორიულად პატარა, მთაგორიანი რელიეფის მქონე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა. საქართველოს საეთერო ციფრული მიწისზედა ქსელის დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ წარმოდგენილი მიმართულებები:
ტექნოლოგიის შერჩევა; მულტიპლექსორის რაოდენობა გარდამავალ და ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის უახლოეს პერიოდში; მოსახლეობის დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი; ახალი სადგურების დაგეგმვის აუცილებლობა და ძველების გამოყენების შესაძლებლობა; ახალი სადგურების რაოდენობის მაქსიმალიზაცია; მიმღები ანტენების მდგომარეობის/პოზიციის განსაზღვრა; ერთ სიხშირული თუ მრავალ სიხშირული ქსელის, ან ჰიბრიდული მოდელის შერჩევა; არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენების და ქსელის არაგონივრული დუბლირების თავიდან აცილების საკითხები; უნივერსალური სამაუწყებლო მომსახურების ქსელის უსაფრთხოების საკითხები.” _ ნათქვამია სტატიაში.