_ “ჩვენი მომავლის ქალაქი _ არ გააჩერო ანაკლია!”
დღეს ახალგაზრდებმა კონცერტზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ყველა ის მოქალაქე მიიწვიეს, ვინც ფიქრობს, რომ ანაკლიის განვითარებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
“ყველა უნდა გავერთიანდეთ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა თუ მრწამსისა. ახალი ანაკლია ძლიერი სამეგრელოს და ძლიერი საქართველოს საწინდარია! ანაკლია ჩვენი შვილების მომავლის ქალაქია! მე მინდა მჯეროდეს, რომ დღევანდელ პოზიციასაც და ოპოზიციასაც შაბათს ეყოფათ ანაკლიის და რეგიონის სიყვარული იმისთვის, რომ განმუხურის ამფითეატრში, 20:00-ზე ყველამ ერთად ვთქვათ ყველას გასაგონად _ ანაკლია არ უნდა გააჩეროთ!” _ განუცხადა ჟურნალისტებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ.
ჯერ კიდევ გუშინ, საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებდნენ, რომ ჰქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, თუმცა, უკვე დღეს თქვეს, რომ პოლიცია დაჰპირდა მათ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას და ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარებას.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, 13 აპრილს ისინი აპროტესტებენ სოფელ ანაკლიაში დაგეგმილი მშენებლობების გაჩერებას და აცხადებენ, რომ სოფლის ინფრასტრუქტურული განვითარება უნდა გაგრძელდეს.
კითხვაზე, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში, ანი წითლაძემ აღნიშნა, რომ ჰონორარის გარეშე მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფი “ურსა”, აჩიკო გულედანი, “მწვანე ოთახი”, სალომე კორკოტაშვილი და სხვები.