კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობა. პროექტის თანახმად, საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეული არის ტერიტორიულ საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული სოფელი, რომელსაც ექნება ამ კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანოები, ადმინისტრაციული საზღვრები, საკუთარი ქონება და შემოსავლები. სოფლებს მიენიჭება უფლება შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, ფლობდეს ქონებას, დადოს გარიგება, მიიღოს შემოსავლები, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეული უფლებაუნარიანობას შეიძენს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან. საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ორგანოებად განისაზღვრება საერთო კრება, საერთო კრების წარმომადგენელთა საბჭო და საერთო კრების თავმჯდომარე. საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს ექნება დამოუკიდებელი შემოსავლები და ხარჯთაღრიცხვა.
საკანონმდებლო ინიციტივის თანახმად, მუნიციპალიტეტს მიენიჭება შესაძლებლობა საზოგადობრივ თვითმმართველ ერთეულს განსახორციელებლად გადასცეს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების კოორდინაციისა და ორგანიზების ხელშეწყობის ფუნქცია. ამასთან, ფუნქციის გადაცემა დასაშვები იქნება მხოლოდ ხელშეკრულებით, შესაბამისი რესურსების გადაცემით. კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარება და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გია ჟორჟოლიანის განმარტებით, აღნიშნული პროექტი მმართველოს სისტემის დეცენტრალიზაციის რეფომის განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი პროექტის ძირითად პრინციპებს და კანონპროექტის ინიციატორებთან შეთახმდნენ, რომ მომდევნო საკომიტეტო განხილვებზე წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთარობისა და დღევანდელი საკომიტეტო განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები.