მისივე თქმით, კოდორის და ახალგორის დაკარგვა სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის შედეგია.
“კოდორში შესვლით ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც კოდორში არ უნდა ყოფილიყო არც აფხაზური, არც ქართული და არც რუსული ძალები _ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც კი კოდორში შევიყვანეთ შეიარაღებული ძალები, დაირღვა ეს ხელშეკრულება და ყველა მხარეს მიეცა საშუალება, რომ მოპყრობოდნენ კოდორს ისე, როგორც რუსეთი მოეპყრო მას 2008 წელს. რუსეთს ჩვენ მივეცით ამის საფუძველი”.
ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში კოკოითის არჩევნების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩევნების ახალგორში ჩატარება და დიმიტრი სანაკოევის არჩევა უდიდესი შეცდომა იყო: “მერე აღმოჩნდა, რომ დიმიტრი სანაკოევის ნათესავი ვლადიმერ სანაკოევი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ჩანერგილი, რათა დაწყებულიყო ეს პროვოკაცია. პრაქტიკულად, სააკაშვილმა თავისი წინდაუხედავი ნაბიჯით აღადგინა გაუქმებული სამხრეთ ოსეთი. სააკაშვილმა ისე აღადგინა სამხრეთ ოსეთი, რომ რუსეთთან არ ივაჭრა. ახალგორის აღების საფუძველი სააკაშვილმა მისცა რუსეთს, რადგან ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში შეიყვანა.
ჩემი აზრით, სააკაშვილი თამაშობდა რუსულ თამაშს, საჯაროდ კი _ პროამერიკულ თამაშს. რუსეთი “აბოლებდა” სააკაშვილს, შემდეგ კი “გადააგდო”. სააკაშვილი უფასო მარიონეტი აღმოჩნდა რუსეთის ხელში.”
პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში შემოსული ამერიკული ხომალდი რეალურად სასმელი წყლით კი არა, იარაღით იყო დატვირთული: “ამ განცხადებით სააკაშვილმა რუსებს კიდევ მეტი ლაპარაკის საფუძველი მისცა. ამაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ვაი ჩვენს პატრონს სააკაშვილის ხელში. ყველაზე კარგი იქნება, თუ სააკაშვილი და მერაბიშვილი აღიარებენ, რომ თანამშრომლობდნენ რუსულ მხარესთან, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი დღემდე ეპოტინებიან ყველაფერს _ ჯავახეთში, ქვემო ქართლში თვითონ წევენ ტემპერატურას.”