ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ათასობით აბიტურიენტი, რომელმაც საგამოცდო ბარიერი წარმატებით გადალახა, უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩა. არსებული მონაცემებით, კონკურსგარეშე დარჩენილთა შორის არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებმაც გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს, თუმცა უნივერსიტეტებში მკვეთრად შეკვეცილი ადგილების გამო სასურველ ფაკულტეტებზე ჩარიცხვა ვერ შეძლეს.
ადგილების დრამატული კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა წამყვან უნივერსიტეტებში. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გასულ წელს 4 200-ზე მეტი ადგილი იყო გამოყოფილი, ახალი რეგულაციებით კვოტა დაახლოებით 92%-ით შემცირდა და მხოლოდ 300 ადგილი დარჩა.
„უფასო განათლების“ დაპირებასა და არსებულ რეალობას შორის აცდენაზე საუბრობს პედაგოგი ლადო აფხაზავა. მან მაგალითად შინდისის გმირის შვილის, მარიამ წილოსანის შემთხვევა მოიყვანა, რომელსაც სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირველი სემესტრის თანხის გადახდა მოსთხოვეს.
„მარიამმა ტირილი დაიწყო, იმიტომ, რომ იცის, თავისმა დედამ, რომელიც ემიგრაციაშია, სულ რამდენიმე თვის წინ დაკარგა სამსახური. უსახსრობის გამო გადაწყვიტა, რომ აღარ წასულიყო უნივერსიტეტში. ამის შემდეგ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგებმა ერთი სასწავლო წლის თანხა მოვაგროვეთ და აუგროვეთ მარიამს. მთელი საქართველო იძახდა, რომ სწავლა არის უფასო და სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი“, — განაცხადა ლადო აფხაზავამ ტვ პირველთან.

































































