სოფელ გომში მომხდარ ტრაგიკულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, სოციალურ ქსელში პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ტატა ხვედელიანი ეხმაურება. მისი განცხადებით, შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
ხვედელიანი ყურადღებას ამახვილებს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის ნაკლოვანებებზე, კანონის აღსრულების პრობლემასა და პრევენციული ზომების არარსებობაზე.
„ახლა გინდა სტრატეგიები დაამტკიცეთ და გინდა დეტექტორები დააყენეთ მანქანებში — ფაქტი ერთია: ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტი არ არის. არ ხდება კანონის სათანადო აღსრულება, ეფექტიანი კონტროლი და, რაც მთავარია, პრევენცია. თვე არ გადის, რომ მიკროავტობუსების მონაწილეობით მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ არ გავიგოთ“, — წერს ხვედელიანი.
ხვედელიანი პარალელს ავლებს 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან, სადაც მიკროავტობუსის ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა და სვამს კითხვას, თუ რა შეიცვალა ამის შემდეგ.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიკროავტობუსს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა, სამუხრუჭე სისტემა გაუმართავი იყო, უსაფრთხოების ღვედები კუსტარულად იყო დამონტაჟებული და დაშვებულზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა. რა შეიცვალა ამ ტრაგედიის შემდეგ? რა სისტემური ზომები გაატარეთ იმისთვის, რომ ტურისტული და სამგზავრო მიკროავტობუსებით ადამიანების გადაყვანა რეალურად უსაფრთხო გამხდარიყო?
ჯარიმების გაზრდა და ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რაოდენობის მატება საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა არ არის — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონის აღსრულება შერჩევითია. ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა ამ ქვეყანაში“, — აღნიშნავს ტატა ხვედელიანი.



































































