შეხვედრა 19 აპრილს ოზურგეთის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კონსტანტინე კანდელაკი ესწრებოდა.
რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ორდონიანი -მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მის ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში.
გარდა ამისა, 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები. გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება. მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება, ასევე დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც მხარეების დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას გულისხმობს, ასევე ცალკეული ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებას და დამოუკიდებელ ბიუჯეტს . ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები.
2013 წელს საქართველოს მთავრობა, პარლამენტთან ერთად, განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს. 2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლად ჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიკური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით.