“პრაიმტაიმის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “გურია ნიუსმა” დეპუტატს შეკითხვა სწორედ ამ საკითხზე დაუსვა
_ დღეს ქვეყანაში ერთ–ერთი მთავარი პრობლემა სასამართლოს რეფორმაა… პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონი მიიღო, მაგრამ პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია. თუ მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ან კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა, ასეთ შემთხვევაში თქვენი სამოქმედო გეგმა როგორია?
_ პრეზიდენტ სააკაშვილს, უფრო სწორად, სააკაშვილს ვეტოს დადების საფუძველი არ აქვს, იმიტომ რომ კანონი კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია. კანონი 99% -იან შესაბამისობაშია ასევე ვენიციის კომისიის რეკომენდაციებთან.
თომას ჰამარბერგმა ბრძანა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად თანამშრომლობს მრჩევლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს სტრასბურგში იმყოფება. აპირებს, ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ჯანი ბუკიკიოს შეხვდეს და ამ თემაზე იმსჯელოს… ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს. თუ პრეზიდენტმა ეს უფლება კვლავ ბოროტად გამოიყენა, ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს სასამართლოს მართვის რგოლის დემოკრატიზაციის პროცესს. გახსოვთ, ამბობდა, რომ სასამართლოები სწორ პოზიციაზე დგანანო… ახალი კანონის შემთხვევაში, საუბარია არა მოსამართლეების გაშვება-გაყრაზე, არამედ სასამართლოების მართვის რგოლის რეფორმირებაზე, როგორ უნდა იმართებოდეს სასამართლო. აქედან გამომდინარე, თუ ვეტოს დაადებს, ეს მისი მხრიდან პირდაპირი დემონსტრირება იქნება, რომ ხელს უშლის სასამართლოს მართვის რგოლის დემოკრატიზაციის პროცესს, და დაინტერესებულია, ეს მახინჯი მართვის რგოლი შეინარჩუნოს, სადაც ბატონი კუბლაშვილი იყო წამყვანი ფიგურა და მის გარეშე არაფერი წყდებოდა.
_ მაგრამ, თუ კი ვეტოს უფლება გამოიყენა?
_თუ ასე მოხდა, საზოგადოებას, ოპონენტებს, ჩვენ დავუმტკიცეთ, რომ ვეტოს დაძლევა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტს არ უჭირს. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ პროცედურული დემოკრატია მოითხოვს კიდევ მინიმუმ ერთ თვიან პროცედურებს. სააკაშვილი ყველა ასეთ თვეს იმისათვის იყენებს, რომ საკუთარი ძალაუფლება ოქტომბრის თვემდე მიათრიოს…
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას რაც შეეხება, ასეთ შემთხვევაში საფუძველი უნდა არსებობდეს, რომ კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მაგრამ რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას? საუბარი რომ იყოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, კი ბატონო. მოსამართლეებს არავინ ეხება. როგორც აღვნიშნე, საუბარია სასამართლოს მართვის ადმინისტრაციულ რგოლზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული რგოლის მუშაკების განთავისუფლება და დემოკრატიული მართვის მექანიზმის შემოღება, ეს არის არა ნაბიჯი უკან, არამედ რამდენიმე ნაბიჯი წინ. ამიტომაც, საფუძველი არ არსებობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საკითხი განიხილოს… იმედია, პრეზიდენტი დესტრუქციულ ქმედებებს თავს დაანებებს და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩაერთვება. დღეს არსებული ძირითადი კანონიდან გამომდინარე, მისი მოვალეობაა, კანონები წაიკითხოს, ხელი მოაწეროს, რომ ძალაში შევიდეს და მართვის რგოლი უფრო სამართლიანი, დემოკრატიული გახდეს.