_ დილას, დაახლოებით, ექვსის წუთებზე გავიგე ძაღლის წკმუტუნის ხმა. ჩამოვედი და ვნახე, რომ ჩემს ძაღლს ორი მგელი ახრჩობდა. ვიყვირე, მაგრამ თავი არ დაანებეს. ძაღლი სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, მივირბინე და მივეშველე, ერთს დავარტყი, მეორე კი ჩემსკენ წამოვიდა, ხელზე დამკბინა და ასევე მეცა ნიკაპზე. მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა გაიგეს ჩემი ყვირილი და რომ მოვიდნენ, მგლები გაიქცნენ, _ გვითხრა ვიტალი ვანაძემ.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ექიმის, ილო დოლიძის თქმით, პაციენტს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.
_ პაციენტი, დილის რვის ნახევარზე, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემოიყვანა სამედიცინო ცენტრში. აღენიშნებოდა მრავლობითი საშუალო და მცირე ზომის ნაკბენი ჭრილობები ქვედა ყბის, კისრის, მარცხენა წინა მხრისა და მტევნის არეში. ეს საკმაო დაზიანებაა. მგელი არის ცოფის ვირუსის მატარებელი და მის ნაკბენს მძიმე დაზიანება ჰქვია, განსხვავებით ძაღლის ან კატისგან, _ გვითხრა ილო დოლიძემ.
ლაითურელები “გურია ნიუსთან” ამბობენ, რომ მგლები და ტურები, კარგა ხანია, დაბაში დაძრწიან და მოსახლეობას ღამით გარეთ გამოსვლის შიში აქვს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.