ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2011 წლის 2 მარტს დაამტკიცა “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი”. წარმოგიდგენთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი მოსახლეობისათვის შეთავაზებული სოციალური დახმარებების პაკეტის მიმოხილვას.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარება ორი სახისაა: ფულადი და არაფულადი.
1) ფულად სოციალურ დახმარებებში შედის: ახალშობილთა ოჯახების დახმარება; მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა დახმარება; სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი შეჭირვებული ოჯახებისადმი დახმარება; ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა; უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. ამათგან, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო ფულადი სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.
2) არაფულადი სოციალური დახმარებები მოიცავს: 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას; შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამას; უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.
ახლა კი უფრო დეტალურად ცალკეული მათგანის შესახებ.
1. ფულადი სოციალური დახმარებები:
ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
საგულისხმოა ის გარემოება, რომ შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებასთან მიმართებაში _ დაწესდა გარკვეული კრიტერიუმები. ასე, მაგალითად, იმისათვის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანმა (იგულისხმება ოთხი და მეტი შვილი) ოჯახმა, ან ოჯახმა, რომელსაც ახალშობილი შეეძინა, მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება, იგი დამატებით კიდევ ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: 1) რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2) ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა იყოს: ა) 57 000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 150 000-ს _ მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების შემთხვევაში; ბ) 70 000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 120 000-ს _ ახალშობილის ოჯახების ერთჯერადი დახმარების შემთხვევაში. ანუ პირველ (ე.ი. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების) შემთხვევაში, სოციალური დახმარების მიმღები შეიძლება იყოს მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსაგან სარგებლობს სამედიცინო პოლისით, მაგრამ არ ღებულობს ფულად შემწეობას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, ახალშობილის ოჯახების ერთჯერადი დახმარების მოსარგებლე (ბენეფიციარი) შესაძლებელია იყოს ასევე მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსგან არ სარგებლობს არც სამედიცინო პოლისით და არც ფულადი შემწეობით.
ორივე შემთხვევაში, დახმარების დასანიშნად ან მისაღებად მშობლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. გარდა ამისა, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას კიდევ ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი და გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის _ რწმუნებულის აქტი საცხოვრებელი ადგილის დადასტურების შესახებ, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შემთხვევაში კი _ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები და რწმუნებულის ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის რეკომენდაცია აქტის სახით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალშობილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით თითოეულ ახალშობილზე და ამ თანხის გადარიცხვა, როგორც წესი, მოხდება ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე ან სამედიცინო დაწესებულებაში; რაც შეეხება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, მათი ყოველთვიური ფულადი დახმარება შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს თითოეულ მრავალშვილიან ოჯახზე. აღნიშნული თანხა ყოველთვიურად ირიცხება ბენეფიციარის პირად ანგარიშზე.
საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი ითვალისწინებს აგრეთვე იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შესაძლებლობას, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 57 000-ს; კერძოდ, მათ წელიწადში ორჯერ მიეცემათ 100-ლარიანი დახმარება. ამისათვის მათ გამგეობის კანცელარიაში იგივე საბუთები უნდა წარმოადგინონ, რაც მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების შემთხვევაში უნდა იქნას წარდგენილი.
ხანდაზმულ პირთა დახმარება
ერთჯერადი ფულადი დახმარებაა გათვალისწინებული ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთათვის _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ხანდაზმულ პირზე ერთჯერადად გასაცემი ფულადი თანხის ოდენობა, სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ წესში სახელდებით ფიქსირებული არ არის, მაგრამ, ამ ხარვეზის მიუხედავად, ამ კატეგორიის პირები გამგეობისათვის მიმართვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მიიღებენ როგორც მინიმუმ 100 ლარს მაინც. შედარებისა და ცნობისათვის უნდა ითქვას, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ამ კატეგორიის პირებზე, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად, ერთჯერადად 300 (სამასი) ლარს გასცემენ.
დახმარების მისაღებად ხანდაზმული პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) ხანდაზმული პირის (ან ოჯახის წევრის) წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი _ თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია.
დევნილთა დახმარების პროგრამა
სოციალური დახმარებების პაკეტი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა დახმარების პროგრამას. კერძოდ, ეს პროგრამა მოიცავს:
1) ზამთრისთვის საჭირო საშეშე მერქნის შესაძენად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა თითოეული ოჯახისათვის 100 ლარამდე თანხით ერთჯერად დახმარებას;
2) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯის სახით, გარდაცვლილის ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
3) ერთჯერად ფულად დახმარებას ექსტრემალურ სიტუაციაში (ოპერაცია, უბედური შემთხვევა და სხვა).
დევნილთათვის გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, თანხის ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი; დ) დევნილის გარდაცვალების ცნობა _ დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება
სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, უფლება აქვთ მოითხოვონ ერთჯერადი დახმარება.
ამ მიზნით, მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი დროებითი კომისია, რომელიც, კომისიური წესით, შეარჩევს პრიორიტეტულად მიჩნეულ რამდენიმე ოჯახს. დახმარება, პირველ რიგში, გაეწევათ უბედური შემთხვევების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ შეჭირვებულ ოჯახებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს, ოჯახებს, რომელთა წევრებიც არიან პენსიონერები, უმუშევრები, შრომისუუნარონი, ომის ვეტერანები, ინვალიდები, მარტოხელა დედებს, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები.
თანხის გაცემა ხდება ბანკის მეშვეობით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით, რისთვისაც განმცხადებელი, მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგეობაში დამატებით წარადგენს ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემებს.
ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა
ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა მოიცავს:
1) ომის ვეტერანების (სამწუხაროდ, საკრებულოს დაკონკრეტებული არ აქვს, აქ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იგულისხმება, თუ ზოგადად ვეტერანები) ერთჯერად ფულად დახმარებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას _ კერძოდ, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის ან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით, 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილი ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი (ასლი) ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი; გ) დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) გარდაცვალების მოწმობა; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
როგორც წესი, თანხის გაცემა ამ შემთხვევაშიც ხდება ბანკის მეშვეობით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა, უპატრონო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას. ამ მიზნით, თანხა გაიცემა ერთჯერადად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობა; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
2. არაფულადი სოციალური დახმარებები:
გარდა ზემოაღნიშნული ფულადი სოციალური დახმარებებისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოცპაკეტი ითვალისწინებს აგრეთვე არაფულად სოციალურ დახმარებებსაც.
უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა უზრუნველყოფა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული, ოჯახის მზრუნველობას მოკლებული პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის სახით.
დახმარების მისაღებად ამ კატეგორიის პირმა გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
საკითხს შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური და ამზადებს დასკვნას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
პროგრამის სუბიექტები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით (მაგრამ მათი ოჯახები აუცილებლად რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 70 000-ს ზემოთ უნდა ჰქონდეთ). დახმარება გაიცემა მაქსიმუმ 50%-ის თანადაფინანსებით.
დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა) გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთათვის სამედიცინო მომსახურების პროგრამა
პროგრამის თანახმად, ეკონომიურად შეჭირვებულ პირს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს, მაგრამ არ ექვემდებარება სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას, უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.
დახმარების მისაღებად განმცხადებელმა გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა 100); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ანგარიშფაქტურა) მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის ღირებულების შესახებ; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია:
პირველი კატეგორია: ა) ონკოლოგიური სენით დაავადებული მოქალაქეები; ბ) პენსიონერები, ომის ვეტერანები, ინვალიდები;
მეორე კატეგორია აერთიანებს: ა) მარტოხელა დედებს, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები; ბ) მრავალშვილიან ოჯახებს;
მესამე კატეგორია მოიცავს, უბედური შემთხვევების გამო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს.
დახმარება გაიცემა არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში კი _ უფრო მეტი თანხითაც, სათანადო დასაბუთების საფუძველზე (შესაძლებელია დახმარება გაიცეს მედიკამენტების სახით). თანხის გაცემა ხდება ბანკის მეშვეობით, ან განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით (რისთვისაც განმცხადებელი, მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში) გამგეობაში დამატებით წარადგენს ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემებს, ან თანხა ჩაირიცხება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად.
ასეთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გათვალისწინებული სოციალური დახმარებების პაკეტის მიმოხილვა.
იმ პირთა საყურადღებოდ, რომლებიც ხვდებიან აღნიშნულ სოცპაკეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების მიღების უფლების მქონეთა კატეგორიაში, აღვნიშნავთ, რომ დახმარების მისაღებად, დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარეობს (მისამართი: ქ. ოზურგეთი, მ. კოსტავას ქ. #1).
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვლით, რომ პრობლემები გექმნებათ კუთვნილი დახმარების მიღების საქმეში, შეგიძლიათ დახმარების მოგვმართოთ ჩვენ, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ოფისში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, გ. ეპისკოპოსის ქ. #25, ბ. 14; საკონტაქტო ტელეფონი: 899 58 75 74).
ირაკლი პაპავა, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი
სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სახალხო ინიციატივები დემოკრატიისთვის” ფარგლებში.