“ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ საბჭოთა ანაბრების თემაზე. ეს არის კომპლექსური თემა.
აქვე უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია არის დაკარგული. სანამ ზუსტად არ იქნება შესწავლილი ეს ინფორმაცია, ცხადია, რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღება იქნება უპასუხისმგებლობა.
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რადგან ეს არის სახელმწიფოს საშინაო ვალი, რაც აღიარებული აქვს საქართველოს სახელმწიფოს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავერკვიოთ, რამდენია ეს ვალი“ _ განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ გამქრალ თუ შეჭმულ საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებით სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვა ციფრს ასახელებს, ზოგი 5 მილიარდზე საუბრობს, ზოგიც 8 მილიარდს ასახელებს. ფაქტია, რომ ამ ეტაპამდე, რეალურად არაფერი გაკეთებულა და არც იმის გათვლა მომხდარა, რა არის გასაკეთებელი.
იმ პერიოდიდან დიდი დრო გავიდა. წინა ხელისუფლებამ ახლოსაც არ გაიკარა ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი დაპირება სწორედ ის იყო, რომ ამ ვალებს გაისტუმრებდნენ. მაგრამ, არაფერი გაუკეთებიათ. ფაქტია, რომ მათ ეს არ შეასრულეს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, საბჭოთა ანაბრების საკითხი, სრულყოფილი კომპენსაციით, არცერთ პოსტაბჭოთა ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ გარკვეული კომპენსაცია რომ მოხდეს, ამ თვალსაზრისით, ბევრმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის საქართველოშიც იყო დაგეგმილი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში გარკვეული კომპენსაციის გაცემა. შეიძლება ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ ამაზე ფიქრობდნენ და დაგეგმილი იყო, რომ დროთა განმავლობაში მომხდარიყო ამ ვალის გასტუმრება. ნაწილობრივ გასტუმრებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, რადგან მთლიანობაში ძალიან რთულია ამის გაკეთება, თუნდაც ახალი მთავრობის პირობებში. თუმცა, ექსპერტები დასძენენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების საქმეა.