ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პიროვნება გვიან ღამით, თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე ყაჩაღურად თავს დაესხა სადღეღამისო სუპერმარკეტ “ველგანს”.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე დააკავეს.
დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას “მაგნუმი”-ს ტიპის პისტოლეტი, “ეფ-1” ტიპის ხელყუმბარა, 410 ლარი, ხელთათმანები და შარფები, რომლითაც ბრალდებულები ყაჩაღობის დროს სახის დაფარვას ცდილობდნენ, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აპრილში სამი ყაჩაღობა ჩაიდინეს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე: ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე მარკეტი “ბონი”, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო მარკეტი და აბაშიძის ქუჩაზე მდებარე, სასურსათო მაღაზიათა ქსელ “პოპული”-ს ფილიალი. ბრალდებულებმა სამივე დანაშაული ნიღბებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულებმა ღამის საათებში ჩაიდინეს.
ნაყაჩაღარმა საერთო თანხამ 1200 ლარი შეადგინა. დაკავებულები ყველა ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად) მიმდინარეობს.