თუმცა, სხვა პარტიებმა უკვე დაიწყეს გააქტიურება და პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა.
მიმდინარე მოვლენებზე, მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე და სამომავლო გეგმებზე ჩვენ პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერს, გიორგი ლაღიძეს ვესაუბრეთ.
_ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თქვენ თქვით, რომ სულ მალე ხალხი დაიწყებდა აქციებს, მახსოვს თქვენი ნათქვამი ფრაზა: “ჩაიდანი რომ დუღს, გამოსაშვები ორთქლი უნდა გამოვიდეს”. პროგნოზი გამართლდა _ ბევრი აქცია ვიხილეთ თბილისსა თუ რეგიონებში.
_ 1 ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ძალიან დამაჯერებელი შედეგით გაიმარჯვა. მას საზოგადოებამ მხარი დაუჭირა და ხმა მისცა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უნდოდა ქვეყანაში ცვლილებები უკეთესობისკენ, პირველ რიგში კი მძიმე სოციალური პრობლემების გადაჭრა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში რეალურად არსებობს. არჩევნების მერე პირველივე თვეებში ხალხმა დაინახა, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა კარგად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანია და დაპირებები საპნის ბუშტივით გაქრა, რასაც მოჰყვა საზოგადოების ძალიან ბუნებრივი რეაქცია. ხალხმა დაინახა, რომ “ქართული ოცნება” ვერ ასრულებს დაპირებებს. მათ პრაქტიკულად ვერც ერთ ასპექტში ვერ შეასრულეს ის დაპირებები, რაც მისცეს საზოგადოებას, ვერც სამართლებრივი და ვერც სოციალური თვალსაზრისით. დღეს ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება და ამას კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად შეჩერებულია მშენებლობები, არ ხორციელდება პროექტები დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი საზოგადოების განწყობაზე. ახლახანს ენდიაი-ს კვლევებმაც აჩვენა, რომ ნდობა გამარჯვებული პარტიისადმი საკმაოდ იკლებს, ეცემა პრემიერის რეიტინგიც და მინდა გითხრათ, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” რეალურად არ დაიწყო იმ დაპირებების შესრულება, რაც უხვად დაარიგა წინასაარჩევნოდ, ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიწევს და არ არის გამორიცხული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილოთ სულ სხვა პარტიის გამარჯვებული კანდიდატი.
_ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხს სჯერა “ქართული ოცნების” და სწორედ ამ პოლიტიკური გუნდის კანდიდატებს მისცა ხმა. თქვენ როგორ შეაფასებდით 27 აპრილის არჩევნებს?
_ ეს არც არის გასაკვირი _ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არც ისე დიდი დროა გასული, აქედან გამომდინარე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა “ქართული ოცნების”, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ვითარება შეიცვლება უკეთესობისკენ და მილიარდები ჩაიდება ქართულ ეკონომიკაში. თუ ეს შუალედური არჩევნები ჩატარდებოდა ერთი წლის მერე, მერწმუნეთ “ქართული ოცნების” შედეგები უფრო დაბალი და არადამაჯერებელი იქნებოდა. რაც მოხდა 27 აპრილს, არის ბუნებრივი შედეგი, მაგრამ დრო არ მუშაობს ახლანდელი მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. დრო ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.
_ ოპოზიციაში ვის გულისხმობთ?
_ ოპოზიციაში დღეს ფართოდ არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ძალები, მათ შორის ე.წ. საპარლამენტო ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობის” სახით, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ხელისუფლებაში იყო, დღესაც ნაწილობრივ ხელისუფლებაში არიან და თავს ოპოზიციას უწოდებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სახელისუფლო ბერკეტებს აღარ ფლობენ, მაგრამ ისინი ცდილობენ გადაჯგუფებას და საკუთარი თავის რეაბილიტაციას. სხვათაშორის, 19 აპრილი ამ თვალსაზრისით გარკვეული ტესტიც იყო “ნაციონალური მოძრაობისთვის” _ მათ მოახერხეს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქუჩაში გამოყვანა და ყველას დაანახეს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან გარკვეული ძალები, ვინც მათ კიდევ უსმენენ და უჭერენ მხარს. რაც უფრო მოახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო აიწევს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა. არ არის გამორიცხული, რომ გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური მოთამაშე. ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის და ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ პოლიტიკურ მოთამაშეებზე, ვინც დღეს ქართულ პოლიტიკურ სიბრტყეზე იმყოფებიან.
_ როგორ ფიქრობთ _ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი, როგორც ისინი ვარაუდობენ?
_ ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია პრემიერის და “ქართული ოცნების” მოქმედებებზე. რეალური შეფასება გავაკეთოთ _ ძველმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ დააშავა, ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ იყო პროგრესიც, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი რამ აშენდა, იქნა გადაწყვეტილი გზების პრობლემაც. მე არ დავიწყებ “ნაციონალური მოძრაობის” ქებას, მაგრამ გარკვეულწილად იყო რაღაც წინგადადგმული ნაბიჯებიც მათ ქმედებებში. მაგრამ ახლა ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ რეალობა უკეთესობისკენ არ იცვლება და ამ დროს, “ნაციონალური მოძრაობა” იძლევა ისევ ახალ დაპირებებს, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის წარმატება დამოკიდებულია დღევანდელი მთავრობის ქმედებებზე _ ისინი, ასე ვთქვათ, გარკვეული ინერციით მიდიან, მათ ჰქონდათ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და შესაძლოა ჰგონიათ, რომ ახლაც ასეა, მაგრამ რეალური სურათი სხვაა. დღეს პოლიტიკურ არენაზე მხოლოდ ეს ორი გუნდია და ქართულ პოლიტიკას ჰაერივით სჭირდება მესამე ძალა. საზოგადოება ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნას და გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოება ენდობა, იტყვის თავის სიტყვას და ხალხის იმედებს გაამართლებს.
_ სად არის ეს მესამე პოლიტიკური ძალა?
_ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ ჩანს, მაგრამ ეს აუცილებელია და ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს დანაპირებს შეუსრულებს, უცხოელებზე არ გაასხვისებს ქართულ მიწებს, არ გაყიდის ჩვენს ტყეს, მდინარეებს, რომელიც, პირველ რიგში, იქნება ეროვნულად მოაზროვნე და გამოვა ქართველი ხალხის ინტერესებიდან.
_ თქვენს პარტიას ხომ არ გულისხმობთ?
_ ჩვენ აუცილებლად გამოვალთ პოლიტიკურ ასპარეზზე. შექმნილმა მდგომარეობამ დაგვანახა, რომ ეს არის აუცილებელი, დუმილის უფლება არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არ არის წესრიგში. დავიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან, პოლიტიკურ ორგანიზაციებს ვგულისხმობ და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში ვიხილოთ ახალი კოალიცია, რომელიც ეროვნულად მოაზროვნე სუბიექტების გაერთიანება იქნება და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცხოვროს უკეთეს ხვალინდელ საქართველოში.
_ კოჰაბიტაციაზე რას იტყვით?
_ კოჰაბიტაციის პრაქტიკა ყველა დასავლურ ქვეყნებში, სადაც ეს იყო, მათ შორის საფრანგეთშიც, დასრულდა ვადამდელი არჩევნებით. საქართველოში რთულად მიდის ეს პროცესი, მაგრამ მე მინდა ვთქვა ერთი რამ _ თუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ვგულისხმობ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, ყოფილ ჩინოვნიკებს, მათ პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. კოჰაბიტაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს და უნდა შედგეს პოლიტიკურ ძალებს შორის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში არ დაიწყოს პოლიტიკური დაძაბულობა და სამოქალაქო დაპირისპირება, მაგრამ დამნაშავეებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება და ისინი კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯონ.
_ თქვენ თქვით, რომ კოჰაბიტაცია ყველგან ვადამდელი არჩევნებით დასრულდა. საზოგადოების ერთი ნაწილი უკვე ალაპარაკდა შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე საქართველოშიც. განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი, თუნდაც თვითმმართველობის და ან საპარლამენტო არჩევნები?
_ მე ყოველგვარი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგი ვარ. ხელისუფლებას უნდა შესწევდეს უნარი, გააკონტროლოს ჩინოვნიკები. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება რევოლუციით, ვადამდელი არჩევნებით და ა.შ. ხალხმა მისცა მანდატი 4 წლის განმავლობაში რომელიმე პოლიტიკურ გუნდს ან კოალიციას? ჰოდა, უნდა ვაცალოთ ამ ძალებს მუშაობა ამ დროის განმავლობაში. ვადამდელი არჩევნები კი არა, ხელისუფლებამ სწორად უნდა მართოს ქვეყანა და არ გამოიჩინოს ის უნიათობა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება იჩენს.
_ დღეს საკმაოდ მწვავედ დგას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი.
_ პირველ რიგში ვერ დავეთანხმები პრემიერის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საქართველოსთვის აღარ წარმოადგენს ძირითად საფრთხეს. რუსეთი საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს და არის ოკუპანტი, თუმცა, ფაქტია, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქართული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე და აუცილებლად უნდა დაიწყოს საქართველოს დეოკუპაცია. პირველ რიგში, სახალხო დიპლომატია უნდა გააქტიურდეს და შემდეგ ნელ-ნელა სხვადასხვა ურთიერთობის აღდგენა არის საჭირო.
_ როდის გამოჩნდება “მომავალი საქართველო” პოლიტიკურ ასპარეზზე და გეყოლებათ თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი?
_ ჩვენი პარტია უახლოეს ხანებში გააქტიურდება და თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯერ გამოკვეთილი არ არის, ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებთანაც გვექნება კონსულტაციები და მხოლოდ ამის შემდეგ დავაფიქსირებთ გადაწყვეტილებას.