(კახეთის საინფორმაციო ცენტრი) _ 2011 წლის 8 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ანტონ ქელბაქიანთან, სათაურით: “სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშს პასუხობს”.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ინტერვიუს და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და მისი აპარატის პოზიცია დავაფიქსიროთ.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში დიდი ნაწილი ეთმობა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ყველა პრობლემატური საკითხი დეტალურად არის გაანალიზებული და კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის მოსაზრებები უმეტესწილად საფუძველსმოკლებულია და არ ასახავს რეალობას. ამ მოსაზრებების საპირწონედ, გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე ამონარიდი ანგარიშიდან, რომლებიც კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახებს, თუ კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგას აღნიშნული სისტემა.