დავის მიზეზი გახდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვარს გამოცემული ბრძანება #30, რომლის ამოქმედებამ ტვირთის გადამზიდველებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, ორგანიზაცია დაზარალებული გადამზიდველების კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოს მეშვეობით ცდილობს.
ფინანასთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სხდომის გახსნისთანავე იშუამდგომლეს პროცესის 2 კვირით გადადებაზე, რამდენადაც მათი ინფორმაციით სამინისტროში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სადაო აქტში ცვლილებების განხორციელებაზე. მათივე ინფორმაციით დაგეგმილი ცვილებების განხორციელების შემდგომ, აღარ იარსებებს დავის გაგრძელების საჭიროება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობა და საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა მხარეთა ახსნა-განმარტებების შემდგომ, პროცესი შეჩერდა და გადადებული იქნა 14 მაისისთვის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს სასამართლო დავაში მონაწილეობას და კვლავ გაასაჯაროებს ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ ფინანასთა სამინისტროში შექმნილი ჯგუფის მუშაობაში, ხელი შევუწყოთ სამინისტროს იმგვარი ცვლილებების მომზადებაში, რომელითაც დაცული იქნება მხარეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები.