სოფელ ცხემლისხიდში ერერთი ოჯახიდან არყის სახდელი ქვაბი და სხვა საოჯახო ნივთები მოიპარეს. სოფელ ხვარბეთში კი ჯორბენაძის ოჯახიდან მოიპარეს ოქროს სხვადასხვა დასახელების ნივთები.
ა.წულაძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქ „კარიბჭის“ მეორე სართულზე, ი. ხინთიბიძეს სამუშაო ოთახში მოპარეს 700 ლარი და პირადი ნივთები.
ასევე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე სტუდენტურ – ახალგაზრდული ოფისიდან მოიპარეს ოფისის კუთვნილი ველოსიპედი.
აპრილის თვეში დაფიქსირდა აგრეთვე ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხუცი ცოლ-ქმარის გაქურდვის ფაქტი. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული ქურდობები გაუხსნელია.
როგორც „გურია ნიუსს“ რამდენიმე მოქალაქემ განუცხადა, პოლიცია ხშირად და უკლებლივ ამოწმებს პატიმრობიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს. ასევე ხდება ქუჩაში თუ სახლებში ახალგაზრდების აყვანა და მათი ნარკოლოგიური ტესტით შემოწმება.
აღნიშნულ ინფორმაციებთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ირაკლი შავიშვილს დაუკავშირდა.
_ ბატონო ირაკლი, ქალაქის ცენტრში ერთერთი ოფისიდან გატანილია 700 ლარი, სტუდენ- სათათბირო ორგანიზაციიდან ველოსიპედი, და საერთოდ სოფლებშიც გახშირდა ოქროს თუ სხვა საოჯახო ნივთების ქურდობები, რას გვეტყვით აპრილის თვეში გახშირებულ ქურდობებთან დაკავშირებით?
_ ვერ ვიტყვი, რომ ქურდობები მასიურად ხდება, არანაირი მასიური სახე ამას არ აქვს, ქუდობა ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც, მაგრამ ვმუშაობთ იმსითვის, რომ გავხსნათ დანაშაულებები.
_ როგორც ვიცით, ქალაქის ერთერთ ქუჩაზე მოხუცი ცოლ-ქმარის ძარცვის ფაქტიც არ არის გახსნილი…
_ რაიმე თუ გაიხსნება, ამას აუცილებლად გაიგებს ყველა..
_ ბატონო ირაკლი, იმაზე რას გვეტყვით, რომ ახალგაზრდების ნარკოტიკებზე შემოწმება ხდება მასშტაბურად, აგყავთ ქუჩაში, სახლებში და ასე შემდეგ..
_ კი ბატონო, უნდა ვაკონტროლოთ აუცილებლად.._ გვითხრა შავიშვილმა.