იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ძირითადად, კანონპროექტში არსებულ დეტალებს განიხილავდნენ, მათ შორის, დაცვის მხარისა და ბრალდებულის სისხლის სამართლებრივ უფლებებს. საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა და კომიტეტის წევრებს თხოვა, გაეთვალისწინებინათ “საიას” რეკომენდაციები კანონის ამოქმედების ვადის შემცირებასთან და საგამონაკლისო უფლებებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში.
საიას ინიციატივას ვადის შემცირებასთან დაკავშირებით კობა დავითაშვილმაც დაუჭირა მხარი _ მისი თქმით, კარგი იქნება, თუ კანონი ძალაში დაახლოებით ერთ წელში შევა.
“გაუგებარია, რატომ უნდა შევიდეს ახალი კანონი ძალაში წელიწადსა და 4 თვეში? რომ გეთქვათ 1 წელი, გასაგები იქნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამოქმედების ვადას შევამცირებთ,” _ განაცხადა კობა დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი აღნიშნულ კანონპროექტს, მიუხედავად ცალკეული დეტალების გაუარესებისა, დადებითად აფასებს და აღნიშნავს რომ ეს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში მნიშვნელოვანია: “ჩემი აზრით, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, იზრდება დაცვის უფლება _ ერთი მტკიცებულების შენახვა და არგასაჯაროება სასამართლომდე. ეს, თავისთავად, გაუარესება გამოდის დაცვის კუთხით. თუმცა, სხვა კუთხით კანონში ბევრი რამაა, რაც აუმჯობესებს უფლებადამცველთა დღევანდელ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე, მხარი დავუჭირე კანონპროექტს,” _ განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში 2014 წლის 1 სექტემბერს შევა.