_ ჩოხატაურის საავადმყოფო არ უნდა გადაიქცეს ფინანსური კუთხით მომგებიან დაწესებულებად, რომელსაც დღეს ახორციელებს კომპანია “ადითი”. არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება. თუმცა, ამ დავალიანების გასტუმრებაც არ მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. ჩვენი მოთხოვნაა აუცილებლად შეიცვალოს კონტრაქტები და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, რისი იმედიც, სიმართლე გითხრათ, არცერთ თანამშრომელს არ აქვს, რადგან ჩვენ გვაქვს 2-წლიანი რეალობა, რომელიც ამ კომპანიასთან ერთად გამოვიარეთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ პრემიერისგან არის მზაობა მუნიციპალური საავადმყოფოს მშენებლობების შესახებ. ჩოხატაურის სწორედ ის რაიონია, სადაც სხვა ალტერნატივა არ არსებობს და ნებისმიერი კერძო სტრუქტურა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე გააკეთებს აქცენტს და არა პერსონალის და მოსახლეობის სასარგებლოდ. ამის ნათელი მაგალითია “ადითი”. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ხვალვე მოწესრიგდება, მაგრამ ველოდებით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს პრობლემებს მოაგვარებს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მეან-გინეკოლოგი მაია პაიჭაძე.
ექიმების თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი საავადმყოფო 1 ლარად გაყიდეს და პერსონალს 3 წელია მონურ პირობებში ამუშავებს.
ქირურგ ცისანა გოგოლაძის თქმით, ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს “ადითის” საქმიანობით და ყველა მისი ქმედება საჯარო უნდა გახდეს.
აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პრობლემის მოგვარების გზებზე. ამის მაგალითად ჯინჭარაძემ ის ფაქტი მოიყვანა, რომ ეკონომიკის სამინისტროდან უკვე ითხოვეს ძველი სამშობიარო სახლის დაბრუნება და მუნიციპალიტეტის ბალანსზე დასმა, რაც მომავალში მათ შესაძლებლობას მისცემთ მუნიციპალური საავადმყოფო ააშენონ.
ჩოხატაურის საავადმყოფოს პრობლემის შესახებ დღეს საჯარო განცხადება, პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა, რომლის განმარტებით, მოვლენების საქმის კურსში ყველა უწყებაა ჩაყენებული.
აღსანიშნავია, რომ ცისანა გოგოლაძის თქმით, ბოლო დროს, სპეციალური განცხადებებით მიმართეს, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ასევე სხვადასხვა უწყებას, თუმცა უშედეგოდ.
გოგოლაძის თქმით, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით გამოხატვაც სწორედ იმან გამოიწვია, რომ ამ დრომდე მათი პრობლემები მოუგვარებელია.
საავადმყოფოს პერსონალი გადაწყვეტილებაში ერთსულოვანია და არ აპირებს აქციის შეწყვეტას.
სამინისტროდან ჩამოსული ბრძანების თანახმად კი, ამ ეტაპზე ჩოხატაურს ოზურგეთიდან ამოსული სპეციალური ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც მოგვიანებით ჩაენაცვლება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ბრიგადა.
ექიმები პროტესტს აგრძელებენ და ყველა უწყებას მოუწოდებენ დროულად მოაგვარონ პრობლემები. აღსანიშნავია, რომ მათ აქციას ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა, რომელთა თქმით, ჩოხატაურს მუნიციპალური და მოწესრიგებული საავადმყოფო უნდა ჰქონდეს, სადაც ექიმს შესაფერისი ანაზღაურება ექნება. ხოლო პაციენტი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილ მომსახურებას მიიღებს.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მუნიციპალური საავადმყოფოს აშენების მოთხოვნით.