შეგახსენებთ, რომ “ადითის” თანამშრომლებს, დაპირების მიუხედავად, ხელფასის მცირე ნაწილი დაერიცხათ. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, დაირიცხა იმდენად მცირე ნაწილი ხელფასისა, რომ ზოგმა 3 ლარი აიღო, ზოგმა კიდევ _ 5. თუმცა, ამბობენ, რომ დღეს მათი ხელფასის 2 თვის ნამუშევარი უნდა დაირიცხოს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გადაიფიქრეს გაფიცვა.
“ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ პასუხისმგებელი ვართ პაციენტების წინაშე. მაინც არ ვაპირებდით ყველა გაფიცვას, გავიდოდით ნაწილი, ხოლო პარალელურ რეჟიმში აქ იმუშავებდა ბრიგადა, რომელიც შეძლებდა პაციენტების მიღებას და გადაყვანას სხვა სტაციონარში. გუშინ ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ ორ დღეში მოხდებოდა 2 თვის დავალიანების დაფარვა. ჩვენ არ ვაპირებთ მუშაობის შეწყვეტას, მაგრამ თუ არ მოხდება დღეისთვის დაპირებული ხელფასების დარიცხვა, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა სამართლებრივი გზით მივაღწიოთ შედეგს” _ აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის “ადითის” მედპერსონალის წარმომადგენლები.