(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 8 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია “ტოლერანტმა”, ქართული ენისა და კულტურის, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ცენტრი გახსნა.
ქართული ენისა და კულტურის ცენტრი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, “თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში დაარსდა. პროექტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტი” ახორციელებს.
გარდა იმისა, რომ მაჰმადიან მესხებს ქართული კულტურის გაცნობისა და ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ, მათ ადგილობრივი მკვიდრი იოსებ ხოზრევანიძე იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევს; დაბაში მცხოვრებ მაჰმადიან მესხებს უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ.
ნასაკირალში ქართული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დადებითად შეაფასეს, როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.
“მე დავპირდი ნასაკირალის მოსახლეობას, რომ მათთან ჩამოვიდოდი. პირობა შევასრულე და ამ მნიშვნელოვან დღეს, როცა მათ სოფელში ქართული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა, მათ გვერდით ვარ”, _ განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ოლივერ რაისნერმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ ასოციაცია “ტოლერანტს” გვერდში დგომა შეჰპირდა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დახმარებაც აღუთქვა.
ოფიციალურ ცერემონიალს ევროკავშირისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ წარმომადგენლები დაესწრნენ.
ასოციაცია “ტოლერანტი” რეპატრირებული მესხების პრობლემების მოგვარებაზე უკვე რვა წელია, რაც მუშაობს.