“კითხვა დავუსვი სამართალდამცავებს, მაინტერესებდა რატომ ცემდნენ აქციის მონაწილეებს, რის შემდეგ ჩემთვის უცნობმა პირმა მეორეს ჩემზე უთხრა, აიყვანეთო. წამომიყვანეს და დაახლოებით 2 საათზე მეტი ვიყავი დაკავებული. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას და ეს რაც მოხდა არის დასაგმობი და მიუღებელი.” _ გვითხრა “მეცხრე არხის” ჟურნალისტმა, ზვიად ხუჯაძემ.
დღეს, დაახლოებით 5 საათზე ზვიად ხუჯაძე და ანი ჭანკოტაძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. “მეცხრე არხის” და “ლიბერალის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათი თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, და ორივე მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დაკავებისას განუმარტა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ. რუსთაველის გამზირზე ინციდენტის დროს მყოფი ჟურნალისტები სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც საუბრობენ.