ეს მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ბავშვების მკურნალობა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში (მედალფაში) კუთვნილ საავადმყოფოში, სადაც არ არის გამიჯნული ბავშვთა და მოზრდილთა პალატები. ამავე დროს, ამ ახალ საავადმყოფოში არის მოთავსებული როგორც ინფექციური, ასევე ტუბერკულიოზისა და ვენერიული დაავადებების სამკურნალო განყოფილებები, რაც ზრდის ამ დაავადებებით ბავშვთა ინფიცირების რისკებს. არის პრეტენზიები, როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვთა მშობლების მხრიდან. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სურვილი და ბავშვთა მკურნალობა გახორციელდეს ოზურგეთში არსებულ ბავშვთა სამკურნალო ცენტრში.” – ამ წერილს, რომელიც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის უფროსის მარინე სუნგულიას სახელზე შევიდა, ხელს 60-ზე მეტი ადამიანი აწერს.
“მედალფას“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ანთაძე ამბობს, რომ მზად არის გაესაუბროს მათ, ვისაც პრეტენზია აქვს.
_ ჩემი კომენტარი ის არის, რომ ჩვენს მიმართ პრენტეზიები არავის გამოუთქვამს. რაც ახლა გავიგე, პირველად მესმის. მოვიდეს ეს ხალხი ჩვენთან და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს. ჩვენთან თუ არ არის პირობები, სხვაგან არის?! ვენერიული პაციენტები ჩვენთან არ მკურნალობენ. თუ ამ ხალხს აინტერესებს, ტუბერკულიოზის კაბინეტი არის პოლიკლინიკაში და იზოლირებულია. ინფექციური იზოლირებულია საერთო პირობებისგან. რომელ დაწესებულებაში რა პირობებია, ამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო, სპეციალური სამსახურია შექმნილი. თუ უნდათ მკურნალობა, არავინ უშლით, ვისაც სადაც უნდა, იქ იმკურნალებს. ჩვენ რა შუაში ვართ, ვერ ვხვდები”, – გვითხრა ლევან ანთაძემ.
ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ძალიან ბევრი პრენტეზია ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს, რომლებიც მიჰყავთ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, უწევთ ძალიან დიდი ხნით რიგში დგომა.
_ იქ, როგორც დიდები, ასევე პატარებიც მკურნალობენ და ამიტომ ეს პრობლემა თითოეულ მშობელს უდგას. ბავშვთა განყოფილება არის საერთო სტაციონალურ პირობებში ანუ მეორე სართულზე გამოყოფილია ბავშვთა პალატა, ოთხსაწოლიანი და ფაქტიურად დიდი და პატარა ერთად წევს, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. მე ვიყავი ლიტვაში და იქ ჯანდაცვის ზუსტად ასეთი მოწყობაა, როგორც საქართველოშია. სტაციონალურში ვნახე, რომ ბავშვთა, ქირურგიული, თერაპიული, _ ყველა არის ცალ-ცალკე ანუ ერთმანეთისგან იზოლირებული. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეა და არ არის ერთად გაერთიანებული.
ჩემგან დამოუკიდებლად, დეპუტატის ბიუროში მოხდა წერილის მიტანა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ითხოვს, რომ ბავშვთა სამკურნალო ცენტრს დაუბრუნდეს თავისი სტატუსი, მაგრამ ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის. მე ვფიქრობ, რომ საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში, გაუჭირდება “მედალფას” ამ ავადმყოფების გატარება. ამ პერიოდში დაზღვეულთა რიცხვი საკმაოდ მატულობს და საკმაო პრობლემა შეიქმნება, განსაკუთრებით ბავშვთა მომსახურეობაში”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს დავით მდინარაძემ.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, მარინა სუნგულიას დაუკავშირდა. მისი თქმით, წერილი გადაგზავნილია დეპუტატთან.
_ ზვიად კვაჭანტირაძესთან გავაგზავნე წერილი და ასევე ვიცი, რომ დავით მდინარაძე იმყოფებოდა პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით, _ განაცხადა სუნგულიამ.