აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ დაუბრუნდა. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გააჩნდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც არაერთხელ იქნა დაფიქსირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტს არ გაეზიარებინა ინიცირებული ცვლილება და შეენარჩუნებინა ბრალდებულის უფლება მოტივირებული შუამდგომლობით უარი ეთქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
პირველ მაისს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა განსახილველად კანონპროექტს. საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა არც პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და არც ინიცირებულ კანონპროექტს, რის შედეგადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ნორმა დარჩა ძალაში.
მოქმედი ნორმა ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს გადაწყვეტილება მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე. ბრალდებულს ასევე უნარჩუნდება უფლება დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.
“საქართველოს პარლამენტის მიერ მოქმედი ნორმის შენარჩუნება ცალსახად დადებით შეფასებას იმსახურებს. განცხადების ავტორი ორგანიზაციები მივესალმებით საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს და უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიის შენარჩუნებას,” _ ნათქვამია განცხადებაში.